ანა წითლიძე - არავინ იცის, რიგგარეშე არჩევნების საკითხი შეიძლება დადგეს თუ არა, კანდიდატის სტატუსის არმიღებაზე მოქალაქეებს რა რეაქცია ექნებათ, მათი გადასაწყვეტია
საპარლამენტო არჩევნების, ზოგადად, არჩევნების შედეგების და კვლევების ერთმანეთთან შედარება, ვინც კვლევების კითხვა იცის, დამეთანხმება, რომ აბსოლუტურად არარელევანტურია, – ასე უპასუხა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემის „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ წამყვანის შეკითხვას, რა აჩვენა პარტიას IRI-ის კვლევის შედეგებმა, სადაც მართალია, „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი მცირედით გაზრდილია, ვიდრე წინა კვლევაში იყო, მაგრამ გაცილებით დაბალია, ვიდრე წინა წლებში და ბოლო საპარლამენტო არჩევნების წინ.
„ამათი ერთმანეთთან შედარება არ შეიძლება, ნამდვილად. საპარლამენტო არჩევნებს თუ გავიხსენებთ და ვნახავთ იმ საპარლამენტო არჩევნებამდე IRI-ის და NDI-ის კვლევებსაც, რა პროცენტები იყო, მაშინ მიხვდებით, რას ვამბობ“, – აღნიშნა წითლიძემ.
მისი თქმით, IRI-ის ბოლო კვლევაში ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ის, რომ საქართველოს მოქალაქეების ნება, ვინც საქართველოს ევროპულ არჩევანს მხარს უჭერს, არის ისტორიულ მაქსიმუმზე.
„როგორ უნდა წავიკითხოთ კვლევა – ვფიქრობ, ამ კვლევაში ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც იყო, ეს არის ის, რომ ისტორიულ მაქსიმუმზეა საქართველოს მოქალაქეების ნება, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს ევროპულ არჩევანს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ კვლევაში“, – განაცხადა წითლიძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რატომ უნდა შეუერთდნენ სხვა ოპოზიციონერები „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ინიციატივას და რამდენად არის ოპოზიციის გაერთიანების პერსპექტივა, რადგან საპარლამენტო ოპოზიციის დიდი ნაწილი „ნაციონალური მოძრაობის“ აზრს არ იზიარებს, წითლიძემ აღნიშნა, რომ ოპოზიცია ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი საკითხის ირგვლივ უნდა გაერთიანდეს.
„ოპოზიცია ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი საკითხის ირგვლივ უნდა გაერთიანდეს და არა ისე, ხელოვნური გაერთიანებები, კოალიციები, ვინ რამდენ პროცენტს შეიყვანს პარლამენტში. ეს არის კონკრეტული საკითხები, როგორ უნდა შევძლოთ, რომ დავიცვათ ჩვენი ხმები მომავალ არჩევნებზე ისე, რომ „ქართულ ოცნებას“ არ მიეცეს შესაძლებლობა, მოგებული არჩევნები წაგვართვას. აი, ეს არის საკითხი“, – განაცხადა წითლიძემ.
ანა წითლიძემ ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკვირს იმ ადამიანების, რომლებიც რაღაცას კატეგორიულად გამორიცხავენ, მით უმეტეს, პოლიტიკაში.
„არავინ არ იცის, რიგგარეშე არჩევნების საკითხი შეიძლება დადგეს თუ არ დადგეს. ამას პროცესი აჩვენებს. ისევე, როგორც არავინ იცოდა 7-8 მარტს და ვერ წარმოგვედგინა მაშინ, როდესაც ეს საკითხი კომიტეტზე და სესიაზე გაიტანეს, რომ შეიძლებოდა ის მომხდარიყო, რაც მოხდა. ეს არის საქართველოს მოქალაქეების გადასაწყვეტი. კანდიდატის სტატუსის, ღმერთმა არ ქნას და, არმიღება, ეს საკითხი თუ დადგა, რომელიც საქართველოს უკარგავს წარმოუდგენლად ისტორიულ შანსს, რომლის აღსადგენად მერე წლები დაგვჭირდება, ამაზე საქართველოს მოქალაქეებს რა რეაქცია ექნებათ, არის საქართველოს მოქალაქეების გადასაწყვეტი. ამიტომ, ვფიქრობ, ამის ასე კატეგორიული უარყოფა ან კატეგორიული დადასტურება არ არის სწორი. მე ნამდვილად არ ვუშვებ ამ შესაძლებლობას, კანდიდატის სტატუსის არმიღებას. კანდიდატის სტატუსი ჩვენ აუცილებლად უნდა მივიღოთ, თუმცა, ცხადია, მის არმიღებაზე პასუხისმგებლობა მთლიანად იქნება ხელისუფლებაზე“, – განაცხადა ანა წითლაძემ.