ანა საბახტარიშვილი - ინფრასტრუქტურული პროექტები შრომის უსაფრთხოების ხარჯებს არ ითვალისწინებს, რაც კომპანიებს სტიმულს აძლევს, უსაფრთხოების დაცვაზე ეკონომია გააკეთონ
ანა საბახტარიშვილი - ინფრასტრუქტურული პროექტები შრომის უსაფრთხოების ხარჯებს არ ითვალისწინებს, რაც კომპანიებს სტიმულს აძლევს, უსაფრთხოების დაცვაზე ეკონომია გააკეთონ

ინფრასტრუქტურული პროექტები შრომის უსაფრთხოების ხარჯებს არ ითვალისწინებს, რაც კომპანიებს უბიძგებს, შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვაზე ეკონომია გასწიონ, შესაბამისად, ვერც დამკვეთი სთხოვს შემსრულებელ კომპანიას შრომის უსაფრთხოების სათანადო დაცვას, – ამის შესახებ „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა, ანა საბახტარიშვილმა დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობის დროს განაცხადა.

გადაცემაში შრომის უსაფრთხოების ახალი რეგულაციები განიხილეს, რომელიც მოცემულ მომენტში მხოლოდ მაღალი რისკის მქონე სექტორში მოქმედ კომპანიებს ავალდებულებს შიდა კონტროლი აწარმოონ და შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი ჰყავდეთ. სექტემბრიდან იგივე ვალდებულება ყველა ბიზნესზე გავრცელდება.

ანა საბახტარიშვილის განცხადებით, ახალ რეგულაციებს გარკვეული ახალი გამოწვევები მოჰყვა, მათ შორის უსაფრთხოების სტანდარტების მცოდნე სპეციალისტების დეფიციტი. თუმცა, მისი შეფასებით, ყველაზე დიდ პრობლემას შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებული საკანონმდებლო ხარვეზი ქმნის – დღეის მდგომარეობით, ინფრასტრუქტურული პროექტის შედგენისას შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული დანახარჯების გათვალისწინება სავალდებულო არ არის. შესაბამისად, არაკეთილსინდისიერი კომპანიები ხარჯების შემცირებას სწორედ სტანდარტებზე ეკონომიის გაწევით ცდილობენ.

„ჩვენი გულისტკივილია, ერთის მხრივ ის, რომ სახელმწიფო  ინფრასტრუქტურული პროექტების შედგენისას ხარჯთაღრიცხვა ისევ იმ კანონის ნორმების საფუძველზე დგება, რაც შრომის ახალი ნორმების ამოქმედებამდე იყო. დღეს ასეთი პროექტები არ ითვალისწინებს შრომის უსაფრთხოების დანახარჯებს. შესაბამისად, ვერც საბოლოო დამკვეთი ითხოვს შემსრულებლისგან სათანადო დონეზე შრომის უსაფრთხოების დაცვას“, – განმარტა  საბახტარიშვილმა.

ასევე გადაცემაში აღინიშნა, რომ მსგავსი ტიპის დანახარჯებს სახელმწიფო პროექტებზე გამოცხადებული ტენდერის პირობებიც არ ითხოვს, რაც კეთილსინდისიერი კომპანიებს დისკრიმინაციას იწვევს.

ბიზნესომბუდსმენის მოადგილემ და გადაცემის თანაწამყვანმა, ლევან კალანდაძემ აღნიშნა, რომ საკმაოდ ხშირია ფაქტები, როდესაც არაკეთილსინდისიერი კომპანია მხოლოდ ფორმალურად იცავს უსაფრთხოების სტანდარტს, ასეთი კომპანია უსაფრთხოების დამცავ იაფფასიან აღჭურვილობას ყიდულობს, რომელიც რეალურად არ უზრუნველყოფს უსაფრთხოებას. ამ დროს კეთილსინდისიერი კონკურენტი უსაფრთხოების მაღალი სტანდარტის დაცვის მიზნით, შესაბამის აღჭურვილობას გაცილებით ძვირად იძენს.

საბახტარიშვილის აზრით, ე.წ. საკანონმდებლო ხვრელის ამოვსება შრომის უსაფრთხოების დანახარჯების ფიქსირებით უნდა მოხერხდეს. „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ხელმძღვანელის განმარტებით, მოცემულ ეტაპზე, ასოციაცია სახელმწიფო სტრუქტურებთან სწორედ ამ საკითხის მოგვარებაზე მუშაობს.

„სწორედ იმიტომ, რომ შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული დანახარჯის უცვლელი პროცენტი არ არსებობს, რომელსაც კომპანიები ვერ შეამცირებენ, მათ აქვთ სტიმული, შრომის უსაფრთხოების დანახარჯზე ეკონომია მოახდინონ. სწორედ ეს შეიძლება, გახდეს საფუძველი იმისა, რომ სანამ მაკონტროლებელი მივა და კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს, პროექტის ფარგლებში შრომის უსაფრთხოება დაცული არ იქნება. რისკი ძალიან მაღალია. ჩვენი შეთავაზება და თხოვნა, რაზეც სახელმწიფო სტრუქტურებთან კონკურენციის გაჯანსაღების კუთხით ვმუშაობთ, არის შრომის უსაფრთხოების დაცვა. ეს გულისხმობს პროექტის შედგენისთანავე უსაფრთხოების ხარჯების დაანგარიშებას. ეს ხარჯები უცვლელი და გაყინული უნდა იყოს, რომ მათი ეკონომია ვერავინ შეძლოს“, – განაცხადა „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა, ანა საბახტარიშვილმა „ბიზნესპარტნიორში“.