ანა საბახტარიშვილი - ინფრასტრუქტურის მშენებლობის მიმართულებით მნიშვნელოვანია საჭიროებათა კვლევა, რადგან ეს თითოეული მცხოვრების ინტერესებზე გადის
ანა საბახტარიშვილი - ინფრასტრუქტურის მშენებლობის მიმართულებით მნიშვნელოვანია საჭიროებათა კვლევა, რადგან ეს თითოეული მცხოვრების ინტერესებზე გადის

ინფრასტრუქტურის მშენებლობის მიმართულებით მნიშვნელოვანია საჭიროებათა კვლევა, რადგან ეს საკითხი თითოეული მცხოვრების ინტერესებზე გადის, – ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის დირექტორმა, ანა საბახტარაშვილმა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილის საპარლამენტო გამოსვლის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, მინისტრის გამოსვლაში ინფრასტრუქტურის მშენებლობის მიმართულებით რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი იყო.

„მინისტრმა სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურასა და ორგანიზაციას შორის კოორდინაციას გაუსვა ხაზი. ჩემი აზრით, ეს უფრო ეფექტურს გახდის ისეთ მშენებლობებს, რომელიც დაკავშირებულია საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურულ, სპორტულ, სამედიცინო, დევნილთა საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის მიმართულებით პროექტებს.

ასევე საჭირო და მნიშვნელოვანია საჭიროებათა კვლევა, სოფლის საჭიროებიდან დაწყებული – ასული ვერტიკალზე, რაც მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, რადგან ეს საკითხი თითოეული მცხოვრების ინტერესებზე გადის. დიდი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას სოფელში თუ თემში ერთ-ერთი მთავარი არის მესაკუთრეებთან დაკავშირებული პრობლემები, ამიტომ ყოველთვის უმჯობესია, ჯერ მათი პოზიცია ვიცოდეთ და შემდეგ დავიწყოთ მშენებლობის დაგეგმარება. ეს სწორი მიდგომაა“, – განაცხადა ანა საბახტარიშვილმა.

მისივე თქმით, პოტენციურ კონტრაქტორებთან ჯანსაღი მსჯელობა მიმდინარეობს.

„კონტრაქტორების თემას რაც შეეხება, მინისტრმაც აღნიშნა და მეც ვეთანხმები – საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს წინასატენდერო შეხვედრები პოტენციურ კონტრაქტორებთან. ვცდილობთ, ყველა შემსყიდველის გეგმები წინასწარ გავუზიაროთ სამშენებლო სექტორს, რათა უფრო მომზადებულნი იყვენენ ბიუჯეტისა და რესურსების თვალსაზრისით. ეს არის ჯანსაღი პროცესი და მსჯელობა. ჩვენი, როგორც ბიზნესსექტორის ძირითადი მოთხოვნა არის სწორედ ეს, რომ შედეგზე და მოტივაციაზე დაფუძნებული შესყიდვების დანერგვა მოვახდინოთ. ეს არის ძირითადი საკითხი, რომლის გარშემოც ვესაუბრებით სამინისტროს, მათი მხრიდან არის ღიაობა და იმედი გვაქვს, რომ ძალიან მალე კონკრეტულ შედეგს დავდებთ“, – განაცხადა ანა საბახტარიშვილმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანი თემაა ქვეყნის მასშტაბით სამშენებლო პროცესებზე კომპლექსური მონიტორინგი.

„აქ ძალიან კარგი პრაქტიკა დამკვიდრდა 2018 წლიდან და დღეს გაცილებით მაღალი სტანდარტით ხორციელდება ზედამხედველობა. ამაში ჩართულნი არიან აკრედიტირებული საზედამხედველო ორგანიზაციები. შესაბამისად, მეტი კომპეტენცია აქვთ, მეტ პასუხისმგებლობას იღებენ და კორუფციული რისკები თეორიაშიც ძალიან შემცირებულია. ამ პოზიტიური შედეგებიდან გამომდინარე, მინისტრმა დღეს გააჟღერა რომ საპროექტოებთან დაკავშირებითაც თითქმის იმავე სისტემის დანერგვის მცდელობა იგეგმება, რაც ასევე დადებითი და ეფექტური შედეგის მომცემი იქნება. ჩვენ ჩართული ვართ ამ მიმართულებით, საბაზრო ფასების გამოკვლევასა და დადგენაში, რაც აუცილებელი კომპონენტია“, – განაცხადა ანა საბახტარიშვილმა.