ანა ნაცვლიშვილმა უმრავლესობის წევრებს მიმართა - ან გააკეთებთ გასაკეთებელს, ან თქვენსა და ფარცხალაძეს შორის ტოლობის ნიშანი ისმევა
ანა ნაცვლიშვილმა უმრავლესობის წევრებს მიმართა - ან გააკეთებთ გასაკეთებელს, ან თქვენსა და ფარცხალაძეს შორის ტოლობის ნიშანი ისმევა

თქვენს ზურგზეა ყველა იმ ბავშვის ცოდვა, ვინც მხოლოდ „სკაიპით“ ხედავს მშობელს, თქვენს ჯიბეშია მხოლოდ ეს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, ეს ზრდა საქართველოს მოქალაქეებისთვის არ არის, არც სიმშვიდეა და არც სტაბილურობა საქართველოს მოქალაქეებისთვის, – ასე მიმართა „ლელოს“ დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა პლენარულ სხდომაზე მმართველი გუნდის წევრებს, სადაც სადაც სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხის განხილვა მიმდინარეობს.

ნაცვლიშვილის თქმით, ახალგაზრდა ოჯახები ვერ ხედავენ მმართველი გუნდის მიმართ ქვეყნისადმი სიყვარულს.

„ახლა უკვე ახალგაზრდა ოჯახები მიდიან ქვეყნიდან, მიდიან შვილებთან ერთად, რადგან თქვენში ვერ ხედავენ ვერც ქვეყნის სიყვარულს და ვერც იმას, რომ რაიმე გაქვთ მათთვის სათქმელი. თქვენ გააქციეთ ეს ადამიანები ამ ქვეყნიდან და თქვენს ზურგზეა მათი ცოდვა. ყველა იმ ბავშვის ცოდვა, ვინც მხოლოდ „სკაიპით“ ხედავს მშობელს, თქვენზეა ყველა იმ მშობლის ცოდვა, რომელსაც მხოლოდ „სკაიპში“ ესხმის მისი შვილის ხმა. ამ ცოდვას ვერ ჩამოირეცხავთ. ამიტომ, ელაპარაკეთ ახლა ასე ბუნდოვნად ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე, რომელიც სინამდვილეში არ არსებობს. თქვენს ჯიბეშია მხოლოდ ეს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, საქართველოს მოქალაქეებისთვის არ არის ეს ზრდა. არც სიმშვიდეა და არც სტაბილურობა საქართველოს მოქალაქეებისთვის, მხოლოდ თქვენთვის არის, ამიტომ ზიხართ აქ თბილად მოკალათებული“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა, რომლის ამ განცხადებასაც მმართველი გუნდის მხრიდან რეპლიკები მოჰყვა.

საპასუხოდ, ნაცვლიშვილმა განაცხადა: „გამწარდით? მოქალაქეები როგორ არიან გამწარებული თქვენი პოლიტიკით, ის მოიკითხეთ“.

ამასთან, „ლელოს“ წევრმა „მინისტრის საათის“ ფორმატში თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის გუშინდელ გამოსვლაზე ისაუბრა.

„გუშინ, აქ იყო თავდაცვის მინისტრი, ოკუპირებული ქვეყნის თავდაცვის მინისტრი. რა ჰქონდა მას სათქმელი ქართველი ჯარისთვის? თურმე ის, რომ მტერი შეიძლება, ხვალ მოყვარე გახდეს. ოკუპანტს უნდა დაარქვა ოკუპანტი! ეს მისი ვალდებულებაა. მინისტრისგან განსხვავებით, ჯარმა კარგად იცის, ვინ არის ამ ქვეყნის ნომერ პირველი მტერი. როგორც ჩანს, არც ამ კაცმა და არც თქვენ არ იცით ისტორია, რომ 200 წელია, ვერ გახდა ეს მტერი ამ ქვეყნის მოყვარე, რადგან ეს არ არის მისი მიზანი. იმის მაგივრად, რომ ეს ქვეყანა მეგობრებით და პარტნიორებით გაგეძლიერებინათ, სახელმწიფო ინსტიტუციები ფეხზე დაგეყენებინათ, რუსეთის მხარეს ხართ გადასული და კრემლის ინტერესებს ატარებთ. სხვა ახსნა არ აქვს, რატომ ხართ გადაფარებული მთელი თვეა რუსეთის ჯაშუშს და ხმას არ იღებთ ფარცხალაძის საქმეზე. დაგვიანებით, მაგრამ კარგია, რომ პრეზიდენტმა მას მოქალაქეობა შეუწყვიტა. დროა, მიბაძოთ ქალბატონო თურნავა და გააუქმოთ თქვენი არაკონსტიტუციური, რუსული ბრძანება, რითაც ძალიან მძიმე დარტყმას აყენებთ საქართველოს ფინანსურ სისტემას. ამ დარტყმას მოქალაქეები ვიხდით საკუთარი ჯიბეებიდან. 150 მილიონი ლარი გახდა საჭირო, რათა სტაბილურობა შეინარჩუნოთ, კიდევ რამდენი მილიონი უნდა გადაიხადონ საქართველოს მოქალაქეებმა ფარცხალაძის გადასარჩენად, რამდენი მილიონია კიდევ საჭირო?

ან გააკეთებთ გასაკეთებელს, რისი დროც ძალიან ცოტა დაგრჩათ, ან ერთადერთი ამბავია, თქვენსა და ფარცხალაძეს შორის ტოლობის ნიშანი ისმევა. ვიცი, რომ ძალიან შეწუხდით და არ გსიამოვნებთ ამ სიმართლის მოსმენა, მაგრამ ვიდრე ამ ტრიბუნასთან ვიქნები, ზუსტად ამას გეტყვით, რადგან სხვას არ იმსახურებთ. თქვენ რუსეთს ემსახურებით, ჩვენ ვემსახურებით ამ ქვეყანას. ამ იმპიჩმენტს, რუსეთის გზით სიარულს „ლელო“ მხარს არ დაუჭერს. მოგიწევთ, უკან წაიღოთ ყველა ეს ნაბიჯი, მაგრამ ამავე დროს ძალიან მძიმე ფასს გადაიხდით. ეს არ იქნება მხოლოდ პოლიტიკური ფასი, უფრო მძიმე ფასის გადახდა მოგიწევთ“, – აღნიშნა ნაცვლიშვილმა.