ანა ნაცვლიშვილმა უმრავლესობას მიმართა - სტოკჰოლმში გამართულ შეხვედრაზე დაგიმარცვლეს, რომ 12 რეკომენდაციიდან მხოლოდ სამი შეიძლება, ჩაითვალოს შესრულებულად
სტოკჰოლმში გამართულ შეხვედრაზე დაგიმარცვლეს და ისე აღგიწერეს, რომ 12 რეკომენდაციიდან მხოლოდ სამი შეიძლება ჩაითვალოს შესრულებულად. დანარჩენი ან შესრულებული არ არის, ან მეტწილად შეუსრულებელია. ეს არის სიმართლე და ეს სიმართლე გამხელთ თქვენ, – ასე მიმართა დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობას პლენარულ სხდომაზე.
მისი თქმით, სახელისუფლებო გუნდი ტყუის, როცა ამბობს, რომ მას ოპოზიცია უშლის ხელს რეკომენდაციების შესრულებაში.
„ოპოზიცია თუ გიშლით ხელს რეკომენდაციების შესრულებაში, იმ სამის შესრულებაში ვერ შეგიშალათ ხელი? საქმე იმაშია, რომ პოლიტიკური ნება როდესაც არსებობს, მაშინ რეკომენდაციები სრულდება. მაგალითად, გენდერული თანასწორობის რეკომენდაცია, სხვათა შორის, ოპოზიციის ჩართულობით. პოლიტიკური ნება როდესაც არ არსებობს და რეკომენდაციის შესრულება თქვენს ძალაუფლებას შეუქმნის საფრთხეს, მაშინ არ გინდათ, რომ შეასრულოთ, როგორიც არის, მაგალითად, სასამართლოსთან დაკავშირებული რეკომენდაცია“, – მიმართა საპარლამენტო უმრავლესობას ანა ნაცვლიშვილმა.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.