ანა ნაცვლიშვილმა აქციის მონაწილეებს მიმართა - პოლიტიკოსები ვემორჩილებით თქვენს ნებას, გავიშლებით ქალაქსა თუ სოფელში, დაველაპარაკებით ყველას, რათა გავიაროთ გზა ევროპისკენ
პოლიტიკოსები, რომლებიც ვემორჩილებით თქვენს ნებას, გავიშლებით თითოეულ ქალაქსა თუ სოფელში, დაველაპარაკებით ყველას, რათა გავიაროთ გზა ევროპისკენ, – ასე მიმართა „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე შეკრებილებს.
ოპოზიციონერმა დეპუტატმა სიტყვის გამოსვლისას აქციაზე შეკრებილებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ არ უნდა გაჩერდნენ, ვიდრე „მარტო რუსული კანონი კი არა, რუსული ხელისუფლება არ შეიცვლება“.
„მადლობა თითოეულ თქვენგანს. თქვენ არ უშინდებოდით ძალადობას, ტყუილს, გაზს, წყლის ჭავლს, არ უშინდებოდით ამათ მზაკვარ გეგმებს და ითხოვდით – არა რუსულ კანონს. აი, დოკუმენტი, არა რუსულ კანონს, ჩავარდა ეს კანონი. ძალიან მინდა, გთხოვოთ, რომ ამ რუსული ოცნების წინააღმდეგ მთავარი დაცვა ამ ქვეყნის არ არის პროცედურები, მთავარი დაცვა ხართ თქვენ, თქვენი სიფხიზლე. არ უნდა გავჩერდეთ, სანამ მარტო რუსული კანონი კი არა, რუსული ხელისუფლება არ შეიცვლება და არ გვეყოლება ქართული, ევროპული ხელისუფლება. ვიდრე არ ვიქნებით შინ, ევროპაში. ამიტომ ჩვენ – პოლიტიკოსები, რომლებიც ვემორჩილებით თქვენს ნებას და ვიქნებით თქვენი ნების გამომხატველები და აღმასრულებლები, გავიშლებით საქართველოს თითოეულ ქალაქსა თუ სოფელში, მივალთ თითოეულ ქუჩაზე და დაველაპარაკებით ყველას, რათა ამ წუთიდან ერთობლივად გამჭვირვალედ ხალხის წინაშე ანგარიშვალდებულებად შევასრულოთ ის გეგმა და გავიაროთ ის გზა, რომლითაც დავბრუნდებით შინ, ევროპაში. ამ პროცესში თქვენი სიფხიზლეა მთავარი. ამათ იცოდნენ, რომ ქუდზე კაცი გამოვა საქართველოს ევროპული არჩევანის დასაცავად. ჩვენ შიგნით გვექნება სიფხიზლე, ბრძოლა, რომელიც ნახეთ ამ დღეებში, მაგრამ ეს ბრძოლა იყო წარმატებული, იმიტომ, რომ თქვენ გვიმაგრებდით ზურგს. ასე გავაგრძელებთ ერთად, ვიდრე არ დავბრუნდებით და არ გვექნება გარანტია, რომ შინ ვართ, მშვიდობიანად, ევროპაში. მადლობა ყველას“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.