ანა ნაცვლიშვილმა 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად მართლმსაჯულების რეფორმის შესახებ სამუშაო დოკუმენტი წარადგინა
„ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად მართლმსაჯულების რეფორმის შესახებ სამუშაო დოკუმენტი წარადგინა.
როგორც ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, დოკუმენტი დღესვე გადაეგზავნება პარლამენტში იურიდიულ კომიტეტს.
მისივე თქმით, წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს 2013-2021 წლებში სასამართლოს მიმართულებით გატარებული ცვლილებების ანალიზს და აჩვენებს, რომ დაპირება შეუსრულებელია.
„ქართულმა ოცნებამ“ რეფორმას დაუქვემდებარა კანონები, მაგრამ უცვლელი დატოვა უსამართლო სისტემის ორი მთავარი საყრდენი რომელსაც ხელისუფლებაში მოსვლამდე ებრძოდა და აკრიტიკებდა: დისკრედიტირებული სასამართლო კორპუსი და სასამართლო სისტემის მართვის მანკიერი სისტემა. ამ ორი კომპონენტის უცვლელობამ განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებს ძალა გამოაცალა. რეფორმა 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად, უნდა დაეფუძნოს ობიექტური, სრულყოფილი, ინკლუზიური პროცესის შედეგად შემუშავებულ შეფასებას სასამართლოში არსებული პრობლემების შესახებ.
ამგვარი შეფასების გარეშე რეფორმა კვლავ იქნება პარტიული ინტერესით ნაკარნახევი და ვერ მოიტანს საჭირო შედეგს. დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტება ხუთი არამოსამართლე წევრით. ხუთივე წევრი უნდა შეირჩეს კომპეტენციის, კეთილსინდისიერების და საზოგადოების ფართო წრეში სანდოობის მიხედვით, არა პარტიისადმი ლოიალობის ნიშნით; საბჭოს არამოსამართლე წევრებს უნდა მიეცეთ რეალური ბერკეტები და არა ფორმალური ძალაუფლება საბჭოში (ორმაგი 2/3 ით გადაწყვეტილების მიღების წესის შემოღება); დღის წესრიგში უნდა დადგეს საბჭოს მიერ არასრული შემადგნელობით მიღებული გადაწყვეტილებების, მათ შორის უზენაეს სასამართლოში დანიშვნების გადახედვის საკითხი; მოხდეს 2021 წლის დეკემბრის ბოლოს „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში მიღებული უკიდურესად დამაზიანებელი ცვლილებების გაუქმება და სტატუს ქვოს აღდგენა. არსებითი ცვლილებები უნდა შეეხოს იუსტიციის საბჭოს საქმიანობის წესს, სკოლას, დისციპლინურ სისტემას, თავმჯდომარეების არჩევის წესს, საქმის განაწილების საკითხი სათანადოდ უნდა მოწესრიგდეს კანონით და ა.შ“,- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.