ანა ნაცვლიშვილის ინფორმაციით, შარლ მიშელი საქართველოში ვიზიტისას ოპოზიციის წარმომადგენლებსაც შეხვდება
19 აპრილის შეთანხმებაში ძალიან კონკრეტულად გასაგებად წერია, რომ დანიშვნები უნდა შეჩერებულიყო და ამას „ქართულმა ოცნებამ“ ხელი მოაწერა, – ამის შესახებ ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
„რა არასწორ ინფორმაციაზეა საუბარი, მეცხრე წელია, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია და სასამართლოს ბუტაფორიული რეფორმა არის მუდმივი პრობლემა“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
ნაცვლიშვილის თქმით, გზავნილები, რომელსაც სტრატეგიული პარტნიორებისგან ვიღებთ, პირველად არ ჟღერდება.
„სამწუხაროდ, გაგრძელება იქნება ძალიან მძიმე. არ ვარ მომხრე და არ მინდა, ქვეყანა სანქციბის ქვეშ მოხვდეს და ეს არის „ლელოს“ პოზიცია. თუმცა, ხელისუფლების გაუგონარი მოქმედებები ქვეყანას რა ზიანს მიაყენებს, ეს რთული დასანახია. ჩვენი ინიციატივაა, სანქციებს დაექვემდებაროს არა ქვეყანა, არამედ კონკრეტული მოსამართლეები, ვინც ამ სისტემას აზიანებს, ანგრევს და ასევე, კონკრეტული პოლიტიკოსები“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
როგორც ნაცვლიშვილმა აღნიშნა, მმართველი გუნდი ცრუ ინფორმაციას ავრცელებს.
„ეს 50%-იანი ტყუილი და 50%-იანი სიმართლე კი არ არის, არამედ ასპროცენტიანი ტყუილია. ამდენ წერას, დღეს რომ დასხდნენ და უზარმაზარი არზა გამოაცხვეს, სჯობდა, ამდენი დრო სასამართლო რეფორმისთვის დაეთმოთ, რაზეც „ლელომ“ ორი თვის წინ დააყენა საკითხი და სწორედ ჩვენი მოთხოვნის შემდეგ შეიქმნა სამუშაო ჯგუფი სასამართლოს თემაზე. პირველი და ერთადერთი შეხვედრა იყო ჩვენი მოთხოვნით“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
ანა ნაცვლიშვილმა ასევე განაცხადა, რომ პარლამენტს მოსამართლეთა დანიშვნების შეჩერება შეეძლო, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ ეს არ გააკეთა.
„ტყუილია, თითქოს, პარლამენტს არ შეეძლო ამის შეჩერება. როგორ არ შეეძლო? პარლამენტი სრული უფლებამოსილებით არის აღჭურვილი და არაფერი პარლამენტს არ ავალდებულებდა, რომ ეს ნაკლული პროცესი გაეგრძელებინა. პირიქით, „ოცნებას“ ავალდებულებდა, რომ შეთანხმება შეეჩერებინა. ტყუილია იმაზე საუბარი, რომ მოსამართლეების ნაკლებობის გამო უზენაესი სასამართლო ჩამოიშლებოდა“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, სად ხედავს გამოსავალს შექმნილი მდგომარეობიდან, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ უკიდურეს შემთხვევებში, როგორი ვითარებაც ქართულ სასამართლოში უკვე არის, მსოფლიო პრაქტიკა, მათ შორის, ვენეციის კომისიის მიერ მოწონებული, იცნობს მექანიზმს, როდესაც დანიშნული მოსამართლეები თუ თანამდებობის პირები თავიდან არიან ვალდებული, გარკვეული ტიპის გამოცდა ჯანსაღ სისტემაში ჩააბარონ.
„ჩვენ მზად გვაქვს საკანონმდებლო პაკეტი, რომლის პრეზენტირებაც სამშაბათს გვექნება დაინტერესებული პირებისთვის. „ქართული ოცნებისგან“ განსხვავებით კი არ ვიძახით, რომ ჭეშმარიტებას ვფლობთ, არამედ ვართ ღია. მოვამზადეთ ჩვენი ხედვა, რომელიც ღიაა ყველა დაინტერესებული პირისთვის, რომ დაამატოს, შეცვალოს, განავრცოს და უკეთესი გავხადოთ, რათა შეთანხმებით გათვალისწინებული პუნქტები შესრულდეს“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
ანა ნაცვლიშვილის თქმით, ეს იყო არალეგიტიმური პროცესი, რომელშიც „ლელო“არ ჩაერთო.
„არა მარტო ჩვენ, არამედ ძალიან ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია, სახალხო დამცველი და პოლიტიკური ძალა გაემიჯნა ამ პროცესს და დაარქვა თავისი სახელი“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
გადაცემის წამყვანის, თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, არსებობს თუ არა იმის შანსი, რომ შარლ მიშლეთან შეხვედრის საშუალება ოპოზიციასაც მიეცეს, ნაცვლიშვილმა აღნიშნა, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, ოპოზიციასთან შეხვედრაც იქნება.
„ამავე დროს, ჩვენ მუდმივად გვაქვს კომუნიკაცია მიშელის კაბინეტთან. ისევე, როგორც დიპლომატიურ კორპუსთან და იმ აქტორებთან, რომლებიც ან უშუალოდ იყვნენ ჩართული მოლაპარაკებების პროცესში, ან ახლოს ამონიტორინგებენ ამ შეთანხმების მიღწევას“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
ამასთან, ანა ნაცვლიშვილმა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დებატები შესთავაზა.
„ვიცი, რომ ბატონი ქადაგიშვილი ერთვება ჩემ შემდეგ და მინდა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში მათ ამ საკითხებზე დებატები შევთავაზო“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.