ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის არჩევის პროცესი კონსტიტუციის დარღვევით მიმდინარეობს
საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის არჩევის საკითხს „ლელო-საქართველოსთვის“ წევრები ეხმაურებიან.
მათ უზენაესი სასამართლოს წინ განცხადება გააკეთეს და აღნიშნეს, რომ არჩევის პროცესი კონსტიტუციის დარღვევით მიმდინარეობს.
ანა ნაცვლიშვილის თქმით, არსებული ჩიხიდან გამოსავალი სასამართლო სისტემის სრული განახლებაა.
„პირველ რიგში, ინიშნება ადამიანი უმაღლეს სასამართლო თანამდებობაზე და ვინც უნდა დანიშნოს, იმათმაც არ იციან, ვინ არის კანდიდატი. კონსტიტუციაში წერია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე უნდა იყოს მაღალი კვალიფიკაციის და უზადო რეპუტაციის, ამის არანაირი შემოწმება არ ხდება. მხოლოდ გუშინ საღამოს გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ პლენუმი უნდა შეკრებილიყო და ამ საკითხზე ემსჯელა, კონსტიტუციის ყველა ნორმა დარღვეულია, სხვა მოსამართლეებს თუ არამოსამართლე პირებს, რომლებსაც შესაძლოა, ჰქონდეთ გაცილებით მეტი კვალიფიკაცია, ვიდრე მას, ვისაც დღეს აირჩევენ და უზადო რეპუტაცია. შესაძლებლობასაც კი არ აძლევს სასამართლო კლანი, რომ კონკურსში მიიღონ მონაწილეობა“,- განაცხადა ნაცვლიშვილმა.
მისივე განმარტებით, სავარაუდოდ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობას ვასილ როინიშვილი დაიკავებს.
„არის ინფორმაცია, რომ დღეს როინიშვილი დაიკავებს თანამდებობას. ის 2008-2009 წლებში იყო მაშინდელი მთავარი პროკურორის მოადგილე, ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს „ქართულ ოცნებას“ წინა ხელისუფლებიდან გადმობარებული მორჩილი და უსამართლო მოსამართლე, კიდევ ერთი მითი ინგრევა, თითქოს „ქართული ოცნება“ რაიმეთი განსხვავდება წინა ხელისუფლებისგან, ზუსტად ისეთია თვითონაც და უარესიც, იმიტომ, რომ გვაჩეჩებს ამ ყალბ სასამართლოს ყალბი სამართლიანობის მოტივით“,- განაცხადა ანა ანაცვლიშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძეს სამოსამართლეო უფლებამოსილება ამოეწურა.
საკონსტიტუციო სასამართლო ცხრა მოსამართლისგან შედგება. კანონმდებლობის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლო თავისი შემადგენლობიდან 5 წლის ვადით ირჩევს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს.
სასამართლოს თავმჯდომარედ ერთი და იმავე პირის ხელმეორედ არჩევა დაუშვებელია. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს საკონსტიტუციო სასამართლოს სულ ცოტა სამ წევრს მისი, როგორც სასამართლოს თავმჯდომარის, უფლებამოსილების ვადის ამოწურვიდან ან უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტიდან 2 კვირის ვადაში.