ანა ნაცვლიშვილი - ზოგადად თქმა, რომ ოპოზიცია ცუდად იქცევა, სწორი არ არის
მმართველი გუნდი არაფერს აკეთებს, რომ საქართველოს წინაშე არსებული რისკები შეამციროს და პირიქით, ცეცხლზე ნავთს ასხამს საკუთარი განცხადებებით, რაც უკიდურესად დამაზიანებელია განსაკუთრებით ახლა, როცა კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული, – ამის შესახებ საქართველოს პირველს არხს „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განუცხადა.
ანა ნაცვლიშვილმა კომენტარი გააკეთა, სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „ოპოზიცია ხელისუფლების შეცდომებით სარგებლობს, დადიან ბრიუსელში, თუმცა, მთავარი პასუხისმგებლობა ევროინტეგრაციის გზაზე ხელისუფლებას ეკისრება“.
როგორც ანა ნაცვლიშვილმა აღნიშნა, ზოგადად იმის თქმა, რომ ოპოზიცია ცუდად იქცევა, სწორი არ არის, რადგან ოპოზიცია მრავალფეროვანია, სახელებისა და გვარების გარეშე, კონკრეტიკის გარეშე ყველას ტალახი ესხმევა.
„პრეზიდენტი არჩევს ტონს და სიტყვებს, მაგრამ თავისთავად იმის თქმა, რომ ხელისუფლებაში არის პრობლემები და სხვანაირად უნდა იქცეოდეს, თუ სურს საქართველოს იყოს წარმატებული, ფაქტია. ვხედავთ, რა ინტენსივობით არის კომუნიკაცია ევროკავშირთან უკრაინასა და მოლდოვის შემთხვევაში. სამწუხაროდ, ვერ ვხედავთ ვერც ამ ინტენსივობას და უკიდურესად სამარცხვინო თავდასხმებს ვხედავთ ევროპარლამენტარების მიმართ. რაც შეეხება ოპოზიციის მიმართ კრიტიკას, მიჭირს, ოპოზიციის მიმართ უმისამართო კრიტიკა მივიღო. ვინმეს თუ პრეტენზია „ლელოს“ მიმართ აქვს, მოვისმენ, ეს რამდენად დასაბუთებული იქნება. ირაკლი ღარიბაშვილი ევროსტრუქტურების დერეფნებში სირბილს გვაბრალებდა, მაგრამ ევროპარლამენტარებმა თქვეს, რომ „ლელო“ საწინააღმდეგოს ითხოვდა, ვიდრე რასაც გვაბრალებდნენ. არ ვიცი, ვის შეიძლება გულისხმობდეს პრეზიდენტი ოპოზიციაში, ვინც შეიძლება ცუდად მოქმედებდეს სახელმწიფოს საწინააღმდეგოდ.
ზოგადად იმის თქმა, რომ ოპოზიცია ცუდად იქცევა, სწორი არ არის, რადგან ოპოზიცია მრავალფეროვანია. სახელებისა და გვარების გარეშე, კონკრეტიკის გარეშე ყველას ტალახი ესხმევა. მის განცხადებაში „ლელოს“ ვერ ვხედავ, მით უმეტეს, ევროპარლამენტარების განცხადებების შემდეგ. არ ვიცი, პრეზიდენტი ვის გულისხმობდა, მაგრამ თუ მას რაიმე აქვს კონკრეტული, უნდა თქვას, რადგან ზოგადად საუბარი, რომ ოპოზიცია ცუდად იქცევა ან კარგად, არ არის სწორი და საზოგადოებას სწორ ორიენტირს არ აძლევს, რადგან ოპოზიცია არის დიდი, ჭრელი და პასუხისმგებლობას ვიღებთ თანაგუნდელებზე და არა მთლიანად ოპოზიციაზე. ჩვენ ვთქვით, რომ დაესახლებინათ გვარები და ამას მოჰყოლოდა ფაქტები, ეს არ გვინახავს. ამიტომ, მგონია, რომ ეს არის დამაზიანებელი რიტორიკა და არ ვიცი, ამაში პრეზიდენტი რატომ ჩაერთო, მაგრამ არ მგონია, რომ მას რაიმე საფუძველი აქვს „ლელოსთან“ მიმართებაში“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.