ანა ნაცვლიშვილი - ყველა საკითხზე საუბარი ფუჭი იქნება, თუ ამ ქვეყანას არ ეღირსა დამოუკიდებელი, სამართლიანი და ეფექტიანი სასამართლო
სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში ყველა საკითხზე საუბარი იქნება ფუჭი, თუ ამ ქვეყანას არ ეღირსა დამოუკიდებელი, სამართლიანი და ეფექტიანი სასამართლო, რომელიც ყველა სიტუაციაში დაიცავს მოქალაქის უფლებებს, იმის მიუხედავად, ვინ იქნება მეორე მხარეს, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
ანა ნაცვლიშვილი მოსამართლეთა სანქცირების საკითხს გამოეხმაურა და ამასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.
„მე მინდა, ჩემს გამოსვლაში შევეხმიანო ათ ძალიან ღირსეულ, კვალიფიციურ, პატიოსან მოსამართლეს სასამართლო სისტემაში, რომლებიც, მიუხედავად უზარმაზარი წნეხისა და ათასგვარი სიბინძურისა, ამ წლების განმავლობაში ახერხებდნენ, რომ დარჩენილიყვნენ მართლმსაჯულების გუშაგებად. მადლობა მათ. სანქციები, პირველ რიგში, არის მათი გამხნევებისა და გაძლიერების ღონისძიება. შავი და თეთრი ერთმანეთისგან უნდა გაირჩეს და გაირჩევა. რა თქმა უნდა, გაირჩევა იმ საგამოძიებო კომისიითაც, რომლის შექმნა თქვენ ასე ძალიან გაშინებთ. ყველაფერი თუ წესრიგშია სასამართლო სისტემაში, თუ ის ტალღა, რომელსაც თქვენ წლების განმავლობაში ფურცელზე ატარებდით, კარგია, პოზიტიურია და სასამართლოში დასამალი არაფერია, თუ სასამართლო კლანურად და კრიმინალურად არ იმართება, მაშინ რატომ გაშინებთ კომისია? რატომ გაშინებთ ამ საკითხის საჯაროდ, სახალხო სამსჯავროზე გამოტანა?“ – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.