ანა ნაცვლიშვილი - წინასაარჩევნო გარემოზე ტოქსიკურ გავლენას ახდენს გავრცელებული ჩანაწერები, საზოგადოება ძალიან მძიმე ფაქტის წინაშე დადგა
„ლელოს“ წევრი, ანა ნაცვლიშვილი „სამართლიანი არჩევნების“ წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის მეორე შუალედურ ანგარიშთან დაკავშირებით მედიასთან საუბრისას აღნიშნავს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში საკმაოდ მასშტაბურია ადამიანების ნების კონტროლი და ზეგავლენის მოხდენა.
მისივე თქმით, წინასაარჩევნო გარემოზე ტოქსიკურ გავლენას ახდენს გავრცელებული ჩანაწერები.
„სამწუხაროდ, ძალადობრივი ინციდენტებისგან თავისუფალი არც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები აღმოჩნდა. ჩვენი ინფორმაციით, საკმაოდ მასშტაბურია ადამიანების ნების კონტროლი და ზეგავლენის მოხდენა, ეს იქნება სამსახურის დატოვების მინიშნებით, მუქარებით, თუ სხვადასხვა ტიპის დახმარებებით, რაც წინასაარჩევნო პერიოდში დასჯადი ქმედებაა.
მედიაგარემო ძალიან პოლარიზებულია, არის კონკრეტულ ჟურნალისტებზე შეტევის ტალღა, მათ შორის ფიზიკური დაპირისპირების ინციდენტები. კვლავ გრძელდება პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულება. მაგალითისთვის, ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის სასამართლოში ლამის ყოველი მესამე დღის გატარება უწევთ იმ საქმეზე, რომელსაც არა ერთი დამოუკიდებელი ექსპერტისა და ჯგუფის შეფასებით, არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ აქვს. ასევე წინასაარჩევნო გარემოზე ტოქსიკურ გავლენას ახდენს გავრცელებული ჩანაწერები. საზოგადოება ძალიან მძიმე ფაქტის წინაშე დადგა, როდესაც დადასტურდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ქვეყანაში ტოტალური მოსმენები, მიყურადება და თვალთვალი მიმდინარეობს“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ თვითმმართველობის არჩევნების ოფიციალური წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში წარადგინა, რომელიც 31 აგვისტოდან 21 სექტემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.
ორგანიზაციის ინფორმაციით, ასევე ანგარიშში მოხვდა ისეთი ცალკეული მოვლენებიც, რომლის განვითარება 31 აგვისტომდე დაიწყო და მონიტორინგის პერიოდშიც მიმდინარეობდა ან მის შესახებ მონიტორინგის პერიოდში გახდა ცნობილი.
ორგანიზაციის ცნობით, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ძალადობის ორი, სამსახურიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების/წასვლის იძულების – ოთხი, სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის/მუქარის/ხელის შეშლის 20, ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების სამი, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ხუთი, მოქმედი თანამდებობის პირების კამპანიის – ერთი, არაუფლებამოსილი პირების წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის 13, საგანმანათლებლო დაწესებულებების პოლიტიზების ხუთი ფაქტი. ანგარიშის მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით შეიმჩნევა სააგიტაციო მასალის დაზიანების ფაქტები.