ანა ნაცვლიშვილი - ვისურვებდი, უფრო მრავალფეროვანი ყოფილიყო იმ ადამიანების სია, რომლებიც ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატობის სურვილს გამოთქვამენ
ვისურვებდი, უფრო მრავალფეროვანი ყოფილიყო იმ ადამიანების სია, რომლებიც ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატობის სურვილს გამოთქვამენ, – ამის შესახებ ფრაქცია „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა ცესკო-ს თავმჯდომარის შერჩევის პროცესთან დაკავშირებით განაცხადა.
მან იმედი გამოთქვა, რომ პარლამენტს საუკეთესო კანდიდატები წარედგინება.
„ის, თუ რამდენმა ადამიანმა მიმართა ცესკო-ს თავმჯდომარეობის მიზნით კომისიას და როგორია იმ ადამიანების სია, ვინც ამ პროცესს ნდობა და ინტერესი გამოუცხადა, ეს მრავლისმთქმელი იქნება. ვხედავ, რომ ამ პროცესის მიმართ ძალიან ფართო ნდობა და მხარდაჭერა არ არის, ეს სამწუხაროა და ამაზე დაფიქრება გვმართებს. ვისურვებდი, უფრო მრავალფეროვანი და ფართო ყოფილიყო იმ ადამიანების სია, რომლებიც ამ პოზიციაზე კანდიდატობის სურვილს გამოთქვამდნენ. უნდა ვნახოთ პროცესი, როგორ იმუშავებს კომისია. იმედი მაქვს, კომისია მაქსიმალურად გამჭვირვალედ იმუშავებს, შეარჩევს და პარლამენტს წარმოუდგენს კანდიდატებს შორის საუკეთესოს. მთავარი, რითაც ეს ადამიანები უნდა სარგებლობდნენ, არის მყარი ნდობა, რომელიც მათ მიმართ იარსებებს არა მხოლოდ რომელიმე კონკრეტულ ჯგუფში ან პარტიაში, არამედ ფართოდ საზოგადოებაში“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევად კანდიდატებთან გასაუბრება დღეს დაიწყო. ცესკო-ს თავმჯდომარის პოსტზე კომისიაში რვა განაცხადია შესული.