ანა ნაცვლიშვილი - ვფიქრობ, პლებისციტი იყო და რჩება საერთო ოპოზიციურ შეთანხმებად, მიხეილ სააკაშვილის მოსაზრებები ჩვენი პარტიის სტრატეგიაზე გავლენას ვერ მოახდენს
ვფიქრობ, რომ პლებისციტი იყო და რჩება საერთო ოპოზიციურ შეთანხმებად, ამ შესაძლებლობას აქვს კრიზისის დაძლევის რეალური რესურსი, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
როგორც ნაცვლიშვილმა აღნიშნა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსაზრებები მათი პარტიის სტრატეგიაზე გავლენას ვერ მოახდენს.
„პირველ რიგში, „ლელოს“ გადაწყვეტილებებს ვიღებთ „ლელოელები“ და მიხეილ სააკაშვილის მოსაზრებები ჩვენი პარტიის არც ტაქტიკაზე და არც სტრატეგიაზე გავლენას ვერც ახლა ვერ მოახდენს. ეს მისი მოსაზრებაა. რა თქმა უნდა, აქვს მოსაზრების გამოთქმის უფლება, მაგრამ ვფიქრობ, რომ პლებისციტი იყო და რჩება საერთო ოპოზიციურ შეთანხმებად. ამ შესაძლებლობას აქვს კრიზისის დაძლევის რეალური რესურსი. მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე ყველას ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული იქეთკენ, რომ კრიზისი იყოს დაძლეული და არა იქეთკენ, რომ კრიზისი არ იქნეს დაძლეული. ჩვენ, ჩვენის მხრივ, ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის“,- განაცხადა ნაცვლიშვილმა.
პლებისციტთან დაკავშირებით დღეს საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დათანხმება პლებისციტზე.