ანა ნაცვლიშვილი - ვენეციის კომისიის დასკვნაში შავით თეთრზე წერია, რომ ოლიგარქიული მმართველობის აღმოსაფხვრელად ცალკე აღებული კანონის მიღება კი არა, მთელი რიგი კანონების გაძლიერებაა საჭირო
ვენეციის კომისიის დასკვნაში შავით თეთრზე წერია, რომ ოლიგარქიული მმართველობის პრობლემა არის სისტემური პრობლემა და მის აღმოსაფხვრელად საჭიროა სისტემური მიდგომები, რომელიც რაიმე ცალკე აღებული კანონის მიღებას კი არა, მთელი რიგი კანონების გაძლიერებას და სისტემურ ცვლილებებს და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სახელმწიფო ინსტიტუციების კანონის ჩარჩოებში მოქმედებას საჭიროებს, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისი თქმით, ვენეციის კომისიის დასკვნაში მოწონებული არ არის „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტის მთავარი არსი – პერსონალური მიგდომა.
„რაც „ქართული ოცნების“ კანონის მთავარი არსია – პერსონალური მიდგომა, ვენეციის კომისიის მხრიდან მოწონებული არ არის. ისინი ხედავენ სერიოზულ რისკებს, რომ ეს გადაიქცეს კანონის უზენაესობის ხელყოფად და ვერ მოაგვაროს სისტემური პრობლემები, რის წინაშეც ქვეყანა დგას. დასკვნა არის მკაფიო და ამ დასკვნის ფონზე კიდევ უფრო ცხადია, რომ გუშინ, სამწუხაროდ, პარლამენტის თავმჯდომარემ მორიგი ტყუილი თქვა, როცა აღნიშნა, რომ დასკვნა პოზიტიურია.
რაც შეეხება სასამართლოს ნაწილს, შალვა პაპუაშვილის მეორე ტყუილი ეხებოდა სასამართლოების ნაწილს. პაპუაშვილი სადმე თუ მაჩვენებს, სად წერია, რომ პოზიტიურია შეფასება, ეს საჯაროდ გააკეთოს. არსად წერია, რომ მომზადებული ცვლილებები იქნება ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება. პირიქით, პირდაპირ წერია, რომ ქართულ მართლმსაჯულებას ისეთი მასშტაბის პრობლემები აქვს, რაზეც ვენეციის კომისიას ოთხი დასკვნა აქვს მომზადებული და ფასადური ცვლილებები ვერ შეასრულებს სასამართლო სისტემის რეფორმის საჭიროებას“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
ვენეციის კომისიამ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით დასკვნა გუშინ გამოაქვეყნა. მანამდე კი გასაჯაროვდა ვენეციის კომისიის კიდევ ერთი დასკვნა, რომელიც „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტს ეხება.