ანა ნაცვლიშვილი - თქვენ ვინ ხართ, რომ დაასრულოთ ამ ქვეყნის ისტორია, ისტორიას წერს ხალხი, საქართველო გაიმარჯვებს და გაილაღებს
ანა ნაცვლიშვილი - თქვენ ვინ ხართ, რომ დაასრულოთ ამ ქვეყნის ისტორია, ისტორიას წერს ხალხი, საქართველო გაიმარჯვებს და გაილაღებს

თქვენ ვინ ხართ, რომ დაასრულოთ ამ ქვეყნის ისტორია, ისტორიას წერს ხალხი, საქართველო გაიმარჯვებს და გაილაღებს, – ამის შესახებ აღნიშნულია „ლელოს“ წევრის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებაში, რომელსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ნაცვლიშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა. ღარიბაშვილის თქმით, „იმ დროისთვის, როცა ქვეყანა მზად იქნება და გვეტყვიან, ხვალვე გახდებით ევროკავშირის წევრი, მარტივად შეიძლება კანონის გაუქმებაც, შეცვლაც, ახლის მიღებაც“.

„2023 წელს ევროკავშირმა მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება და გახსნა კარი გაფართოებისთვის – საქართველოსთვის. გერმანიის კანცლერმა „ევროკავშირი ლისაბონიდან თბილისამდეო“ ახალი გეოპოლიტიკური რეალობა გააცხადა. ეს რეალობა თავისი ბრძოლით ააშენა ქართველმა ხალხმა – მარტის ბრძოლით მათ შორის!

ათიათასობით ადამიანი ქუჩაში გამოვიდა და თქვა: მე ვირჩევ ევროპას და ეს გააკეთა ყოველ ჯერზე, როცა კითხვები გააჩინა ხელისუფლების ანტიევროპულმა ქმდებებმა.

და ამ დროს (გუშინ!) გამოდის მმართველი პარტიის სპიკერი და ღიად ამბობს – საქართველო არაა მზად ევროკავშირისთვისო!

მხოლოდ ორი ვინმე ამბობს ამას – რუსეთი და ოცნება, სხვა ყველა ისტორიულ გაფართოებას უჭერს მხარს და ამისთვის მუშაობს.

მაშ, რისთვისაა მზად საქართველო ოცნების აზრით?! იმისთვის, რომ ოფშორებიდან კრიმინალური ფული გადმოიტანონ რუსმა ოლიგარქებმა აქ და ამ ფულის სამრეცხაოდ გადაიქცეს ქვეყანა (ამის კანონი მიიღეს რუსულ კანონთან ერთად), ხოლო თუ ვინმე ხმას ამოიღებს ამაზე და შეეწინააღმდეგება, რუსული კანონით გააჩუმონ.

ოლიგარქის ოცნება რომ ხართ მზად ამ სცენარისთვის, ვხედავთ, მაგრამ ხალხი არ არის თანახმა ამაზე, ხალხი, ვისაც ეკუთვნის ეს ქვეყანა! თქვენ ვინ ხართ, რომ დაასრულოთ ამ ქვეყნის ისტორია?! ისტორიას წერს ხალხი და თქვენ ამ ისტორიაში მოღალატეების სახელით ჩაეწერებით! საქართველო გაიმარჯვებს და გაილაღებს!“,- აღნიშნულია ანა ნაცვლიშვილის განცხადებაში.