ანა ნაცვლიშვილი - საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების მოდელი მედიაბაზართან მიმართებაში უნდა იყოს სამართლიანი
საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების მოდელი უნდა იყოს სამართლიანი და გამართლებული საზოგადოებასთან, მედიაბაზართან და კომერციულ ტელეარხებთან მიმართებაში, – ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „მაუწყებლობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავენ.
როგორც ანა ნაცვლიშვილმა აღნიშნა, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტის ძალაში შესვლით ბაზარზე შეიქმნება უთანასწორო კონკურენცია.
„მოგეხსნებათ, რომ დღეს მსოფლიოში არ არსებობს საზოგადოებრივი მაუწყებლის მოწყობის, მათ შორის, საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების ერთი სტანდარტული მოდელი. მაგრამ არსებობს შეთანხმება რამდენიმე საბაზისო პრინციპზე, რომელსაც უნდა შეესაბამებოდეს ნებისმიერი საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების მოდელი. ეს პრინციპები არის როგორც გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება, ასევე ადეკვატურობა. საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების მოდელი უნდა იყოს სამართლიანი და გამართლებული საზოგადოებასთან, მედიაბაზართან და კომერციულ ტელეარხებთან მიმართებაში. სწორედ ამ საერთაშორისოდ შეთანხმებულ პრინციპებს დაარღვევს ეს მოდელი, ვინაიდან შექმნის უთანასწორო კონკურენციას მედიაბაზარზე. კონკურენცია იქნება უთანასწორო, რადგან მასში ჩართული მხარეები თავიდანვე იქნებიან განსხვავებულ სიტუაციაში”, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
მისივე თქმით, კანონის ძალაში შეცვლის შემდეგ იქნება საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან აქვს მრავალმილიონიანი, სტაბილური, ზრდადი, გარანტირებული დაფინანსება და კონკურენციაში შევა ყველანაირ მედიასაშუალებასთან.
„თუ მაუწყებელი, რომელსაც აქვს მრავალმილიონიანი დაფინანსება, კონკურენციაში შევა მაუწყებლებთან და მედიებთან, რომლებსაც არა აქვთ პრივილეგია, ჰქონდეთ გარანტირებული დაფინანსება, ეს თავიდანვე უსამართლოა. ეს იქნება უსამართლო პირობების დაწესება მედიაბაზარზე, რაც აუცილებლად დააზიანებს კომერციულ მედიასაშუალებებს. კომერციული მედიასაშუალებების დიდი ნაწილისთვის ფინანსური რესურსი, რომელსაც ისინი იღებენ მედიაბაზრიდან, არის გადარჩენისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი რესურსი და სასიცოცხლოდ აუცილებელ რესურსს წაართმევს მას საზოგადოებრივი მაუწყებელი”, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.