ანა ნაცვლიშვილი - საზოგადოებრივ მოძრაობაში „ლელო“ ერთიანდებიან გამბედავი, კომპეტენტური და პროფესიონალი ადამიანები
საზოგადოებრივ მოძრაობაში „ლელო“ ერთიანდებიან გამბედავი, კომპეტენტური და პროფესიონალი ადამიანები, – ამის შესახებ „ლელოს“ სპიკერმა ანა ნაცვლიშვილმა ანაკლიაში განაცხადა, სადაც „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ მოძრაობის „ლელო“ პრეზენტაცია გამართა.
მისი თქმით, მოძრაობაში ხალხი ერთიანდება ცოდნით, ძალებით და ენერგიით, რათა ქვეყანა შეცვალონ.
„აქ ერთიანდებიან გამბედავი, კომპეტენტური, პროფესიონალი ადამიანები, რომლებიც ჩვენ-ჩვენს პროფესიაში წარმატებული ვართ და გვიკეთებია საქმე, მაგრამ ვხვდებით, რომ მხოლოდ ჩვენს პროფესიაში წარმატების მიღწევა აღარ არის საკმარისი, რათ ქვეყანას, როგორც სახელმწიფოს, ჰქონდეს წარმატება. ჩვენ ვერთიანდებით ცოდნით, ძალებით, ენერგიით, რომ ერთად შევცვალოთ ეს ქვეყანა. რაც აქამდე ხდებოდა, ჩვენ არ ვართ კმაყოფილი. სადაც დღეს ვართ, არ ვართ კმაყოფილი. ბევრი დრო გვაქვს დაკარგული. დაკარგული გვაქვს ტერიტორიები, ადამიანები, ჩვენ უნდა დავასრულოთ დაკარგვა და დავისახოთ გამარჯვების მიზანი, უნდა ვიაროთ წინ გამარჯვებისკენ მიზანმიმართულად, ერთობით საქართველოს მოქალაქეებთან ერთად. ჩვენ ვიწყებთ მოძრაობით და გვინდა, მუდმივად გვქონდეს მოძრაობის სულისკვეთება და არა ერთ ადგილას გაჩერებული წარმონაქმნის. მოძრაობის სულისკვეთება, რომელიც პარტიასაც და სხვა საქმესაც, რომელსაც ჩვენ გავაკეთებთ, ეს ენერგია და დინამიზმი გაჰყვება მნიშვნელოვან პრინციპად“,- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
ამასთან, დღეს მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ მის საზოგადოებრივ მოძრაობას „ლელო“ ერქმევა. მისი თქმით, ეძებს 12 ლიდერს ყველა სფეროში.