ანა ნაცვლიშვილი - საზოგადოებაში დაპირისპირებისა და აგრესიის გაჩენა დააზიანებს საქართველოს ინტერესებს
საქართველოს პრეზიდენტი საპარლამენტი მდივნის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, საზოგადოებაში დაპირისპირების და აგრესიის გაჩენა დააზიანებს საქართველოს ინტერესებს და ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეების ინტერესში, ამიტომ ყველამ პატივი უნდა კონსტიტუციას. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ერთ-ერთი უმთავრესი ბოძია, რაზეც დგას ქვეყნის დემოკრატიული – დღევანდელი და ხვალინდელი დღე და ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ამ მონაპოვარს.
„რაც შეეხება ამ კონკრეტულ გამოხმაურებას, რა თქმა უნდა, ეკლესიას, ისევე როგორც საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, აქვს უფლება რაღაც მოსწონდეს, ან არ მოსწონდეს და აქვს უფლება, რომ რომელიმე ტელევიზიას არ ეთანამშრომლოს.
მაგრამ, ამავე დროს, ძალიან მნიშვნელოვანია, არანაირი ძალადობა არ განხორციელდეს მოქალაქეებზე, განსაკუთრებით ჟურნალისტებზე და მედიასაშუალებებზე – ისინი იყვნენ დაცული საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის ფარგლებში.
სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არის ერთ-ერთი უმთავრესი ბოძი, რაზეც დგას ქვეყნის დემოკრატიული – დღევანდელი და ხვალინდელი დღე და ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ამ მონაპოვარს.
ამ გაგებით, ხელისუფლება და სახელმწიფო ვერ გახდება ცენზორი. ეს დაუშვებელია, იქნება ეს რელიგიური მოტივაცია, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულება, თუ სხვა საკითხები, ცენზურა დაუშვებელია – ამას ამბობს ჩვენი კონსტიტუცია, ჩვენ ვართ სეკულარული სახელმწიფო და არასოდეს საქართველო თავისი არსებობის მრავალსაუკუნოვან მოდელზე არ ყოფილა თეოკრატიული სახელმწიფო.
ჩვენ მუდმივად ვიყავით სეკულარული სახელმწიფო, სადაც სახელმწიფო და ეკლესია არის გამიჯნული და მათ აქვთ თავისი ფუნქციები, მიზნები და სამოქმედო არეალი. ეს იყო ისტორიულად ჩვენი სახელმწიფოს არქიტექტურა. ჩვენ უნდა ვცეთ პატივი ამ ისტორიულ ტრადიციას, ისევე, როგორც უნდა ვცეთ პატივი იმ ქვეყნის კონსტიტუციას რომელშიც ვცხოვრობთ და ერთმანეთის უფლებებს.
რა თქმა უნდა, უპირველესი მაინც არის ის, რომ ჩვენ არ ვიმოქმედოთ და არ დავაზიანოთ ამ ქვეყნის ინტერესები, რომელიც ცალსახად იქნება შემასუსტებელი ჩვენი და ჩვენი არაკეთილმოსურნე ძალების წისქვილზე დაასხავს წყალს“, – აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.
საქართველოს საპატრიარქომ 24 მაისს სამღვდელოებას მოუწოდა, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან ყოველგვარი ურთიერთობა შეწყვიტონ, არ მისცენ ინტერვიუ და მონაწილეობა არ მიიღონ მათ არც ერთ გადაცემაში.
საქართველოს საპატრიარქო მიიჩნევს, რომ „აღნიშნული ტელეკომპანიის გადაცემები იმდენად ცინიკური და უტიფარია, რომ ხალხის საერთო აღშფოთებას და ქვეყანაში დაძაბულობას იწვევს“. საპატრიარქოს განცხადება მოყვა გადაცემა „არჩევანში“ გიორგი გაბუნიას მიერ გაკეთებულ კომენტარს.
„შეამჩნევდით, რომ სტუდიაში დღეს ერთი უცნაური სტუმარი გვყავს, მარიამი სათამაშო პისტოლეტით, რომელიც ცნობილია თვითმკვლელი ღვთისმშობლის სახელით, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ პისტოლეტი სათამაშოა, სინამდვილეში ის თავს ვერ მოიკლავს, ასე რომ ცოცხალი დარჩება და მოგვიანებით იესოსაც გააჩენს, არ ინერვიულოთ ამ თემასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა გიორგი გაბუნიამ გადაცემა „არჩევანში“.
ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.