ანა ნაცვლიშვილი - სასამართლოში თანამდებობები მუდმივად ერთი მუჭა ადამიანების ხელშია, სისტემა იმართება „კლანის“ მიერ
სასამართლო სისტემაში 200-ზე მეტი მოსამართლეა და მუდმივად მურუსიძის, გვრიტიშვილისა და ერთი მუჭა ადამიანების ხელშია სასამართლოში თანამდებობები, ეს ადასტურებს, რომ სისტემა იმართება პატარა გუნდის, კლანის მიერ, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა საქართველოს პირველ არხს განაცხადა.
ნაცვლიშვილის თქმით, ხელისუფლებისთვისაც ცოტავდება იმ ადამიანების წრე, ვისაც შეუძლია, რომ სასამართლო სისტემაში ენდობოდნენ.
„დიმიტრი გვრიტიშვილისა და ლევან მურუსიძის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლეებად არჩევის გადაწყვეტილება ცალსახად ადასტურებს იმასაც, რასაც წლებია ვამბობთ. მურუსიძემ და ჩინჩალაძემ თავისივე ხელით დაუსვეს ბეჭედი იმის აღიარებას, რომ სასამართლოს მართავს კლანი. ანუ, ერთი მუჭა ადამიანები, რომლებიც მუდმივად სასამართლოს მართვის ძალაუფლებას ინაწილებენ. ახლა უკვე მეორე წრეზე წავიდნენ, კარუსელივით ტრიალებენ. სასამართლო სისტემაში 200-ზე მეტი მოსამართლეა და მუდმივად მურუსიძის, გვრიტიშვილისა და ერთი მუჭა ადამიანების ხელშია სასამართლოში თანამდებობები. ეს სწორედ იმას ადასტურებს, რომ სისტემა იმართება პატარა გუნდის, კლანის მიერ.
დასტურდება ისიც, რომ ხელისუფლებისთვისაც ცოტავდება იმ ადამიანების წრე, ვისაც შეუძლია, აბსოლუტურად მიენდონ და ეს არის კარგი, რადგან იმ პირობებშიც კი, როცა ხელისუფლება დაკავებული იყო სასამართლო კორპუსის მოთვინიერებით ათწლეულების მანძილზე, ამ პირობებშიც კი, ამ სასამართლოში მხოლოდ რამდენიმე ადამიანია, ვინც უსიტყვოდ შეასრულებს ყველა ჭუჭყიან დავალებას. სწორედ ამიტომ უწევთ, რომ ერთი და იმავე კადრები ატრიალონ წრეზე. მალე, ეს რაოდენობაც შემცირდება, რადგან ყველა ხვდება, რომ ეს უკვე არ არის მხოლოდ არაეთიკური მოქმედება, არამედ დანაშაულებრივ მართვაში არიან ჩართული და მათი პასუხისმგებლობის საკითხი ადრე თუ გვიან დადგება“,- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
მოსამართლეთა კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი მოსამართლე წევრი, ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი დაამტკიცეს.