ანა ნაცვლიშვილი - საქართველოში რომელიმე ხელისუფლების მიმართ მსგავსი კრიტიკა არავის ახსოვს
პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ წარმომადგენელის, ანა ნაცვლიშვილის თქმით, განცხადებები, რომლებიც კონგრესმენების მხრიდან კეთდება, ახალი და უცხო არ არის.
ნაცვლიშვილის შეფასებით, საქართველოში მოქალაქეებმა ძალიან კარგად იციან, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში ქვეყნის განვითარება გაჩერდა.
ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ კონგრესმენების კრიტიკა გაგრძელდება.
„იმის მაგივრად, რომ ხელისუფლება ფიქრობდეს, როგორ წასწიოს წინ ეკონომიკა, განავითაროს სოციალური პოლიტიკა, დაიცვას ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა, ჩვენ ვხედავთ მიტაცებულ სახელმწიფოს. კონგრესმენების კრიტიკა გაგრძელდება, რადგან ისინი არაფერს იგონებენ, აჟღერებენ იმ პრობლემას, რომელიც საქართველოს ყოველ მეორე მოქალაქეს აქვს. ეს ჩანს ყველგან – ქუჩაშიც, ტრანსპორტშიც, მედიაში ყველგან“,- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
ამასთან, ნაცვლიშვილი ფიქრობს, რომ კონგრესმენების კრიტიკის მიმართ დღევანდელი ხელისუფლება აგრესიულია.
„ეს ჩვენ არაერთხელ გვინახავს. როდესაც ქვეყნის შიგნით მოქალაქეები, სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები, სახალხო დამცველი წერს რეალობას, ისინი თავს ესხმიან არა პრობლემებს, არამედ პრობლემების აღმომჩენებს. ეს ცნობილი ამბავია, მაგრამ როდესაც ამ მასშტაბის, საერთაშორისო კრიტიკა მოდის ხელისუფლების მიმართ და ეს ეფუძნება ქვეყნის შიგნით რეალურად არსებულ მწვავე პობლემებს, მალე წერილები აღარ იქნება, იქნება კონკრეტული მოქმედებები სანქციების, თუ სხვა ნაბიჯების სახით“ ,- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
ნაცვლიშვილის განმარტებით, ხელისუფლება ცვლის საუკუნეების წინ ქართველი ხალის მიერ განსაზღვრულ საერთაშორისო კურსს, რაც სტრატეგიული პარტნიორობის უკიდურეს შეშფოთებას იწვევს.
„საჯარო პოზიციონირებისას ხელისუფლება თავს იკატუნებს, თითქოს ინფორმაციის ვერმიწოდების პრობლემაა ეს კრიტიკა, თუმცა სინამდვილეში მათ ძალიან კარგად ესმით, რომ ამ სიხშირის და სიმძაფრით კრიტიკა უკვალოდ ვერ ჩაივლის, რადგან ამ ქვეყანაში, რომელიმე ხელისუფლების მიმართ მსგავსი კრიტიკა არავის ახსოვს. ეს ხდება ორი მიზეზის გამო. პრობლემები, რომლებიც შეიძლება, აპატიონ ათი და თხუთმეტი წლის სახელმწიფოს, არ ეპატიება ქვეყანას, რომელიც 30 წელია, უკვე დამოუკიდებლად აშენებს დემოკრატიას და მეორე, იმიტომ რომ ძალიან ნათელია, დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობის პრობლემატიკასთან ერთად, ეს ხელისუფლება ცვლის საუკუნეების წინ ქართველი ხალის მიერ განსაზღვრულ საერთაშორისო კურსს, რაც იწვევს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის უკიდურეს შეშფოთებას. ძალიან მაწუხებს ის გარემოება, რომ ჩვენი ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის გამო ხდება ქვეყნის საერთაშორისო ქარცეცხლში გატარება, მაგრამ ფაქტია ის, რომ კრიტიკა მოემართება არა ქართველი ხალხის, არამედ კონკრეტული ხელისუფლებისკენ, რომელიც დიახ, უკვე ძალიან ღიად ჩანს, რომ თავად მოდის ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ამ კონტექსტში გასაგებია თითოეული კონგრესმენის კრიტიკა“ ,- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.