ანა ნაცვლიშვილი - საქართველოს ხელისუფლებას აშშ-ისგან ათჯერ მეტი ინფორმაცია აქვს, რა დანაშაულებრივი სქემით იმართება სასამართლო, თუმცა კლანურ მმართველობაზე ინფორმაციას ადეკვატურად არ აფასებს
საქართველოს ხელისუფლებას აშშ-ისგან ათჯერ მეტი ინფორმაცია აქვს, რა დანაშაულებრივი სქემით იმართება სასამართლო, თუმცა კლანურ მმართველობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ადეკვატურად არ აფასებს, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას.
„კითხვები იყო იმის თაობაზე, რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიიღო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, საკუთარი კანონმდებლობის გათვალისწინებით, გადაწყვეტილება, საკუთარ ქვეყანაში ვინ შეუშვას და ვინ – არა. ეს ინფორმაცია წლებია, საჯაროა და საქართველოს ხელისუფლებას ცხვირწინ უდევს, მაგრამ, ჩვენი ხელისუფლებისგან განსხვავებით, აშშ-ის ხელისუფლება კანონმორჩილია და ინფორმაცია, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია, აიღეს, შეაფასეს და რეაგირება გააკეთეს. საქართველოს ხელისუფლებას ათჯერ მეტი ინფორმაცია აქვს იმასთან დაკავშირებით, რა დანაშაულებრივი სქემით იმართება სასამართლო, თუმცა, აშშ-ის ხელისუფლებისგან განსხვავებით, საქართველოს ხელისუფლება ადეკვატურ შეფასებას არ აძლევს იმ ინფორმაციას, რომელიც კლანურ მმართველობასთან დაკავშირებით საჯარო სივრცეში ხელმისაწვდომია. საუბარია ოთხ ადამიანზე, რომლებიც სისტემის სათავეს წარმოადგენენ, თუმცა ვიცით, რომ ოთხ ადამიანზე არ დგას კლანური მმართველობა. ამიტომ თუ პარლამენტს ადეკვატური რეაგირება სურს, უნდა შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის დანარჩენ სქემას ამ ოთხი ადამიანის მიღმა“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.