ანა ნაცვლიშვილი - საქართველომ ტატუნაშვილისა და ოთხოზორიას საქმეებზე სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ სახელმწიფოთაშორისი განაცხადი უნდა შეიტანოს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ არჩილ ტატუნაშვილისა და გიგა ოთხოზორიას მკვლელობებთან დაკავშირებით საქართველომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ სახელმწიფოთაშორისი განაცხადი უნდა შეიტანოს.
აღნიშნული განცხადება ანა ნაცვლიშვილმა დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
„ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი სამართლებრივი ტრიბუნა, რომლის გამოყენების შესაძლებლობა საქართველოს აქვს იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ, ძალიან მაღალი ლეგიტიმაციის და ავტორიტეტის მქონე ორგანოს მიერ დადასტურდეს, რომ რუსეთი დეფაქტო აფხაზეთისა და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელია და სწორედ მას ეკისრება პასუხისმგებლობა ყველა უფლებადარღვევაზე, რომელსაც ამ ტერიტორიებზე აქვს ადგილი“, – აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.
მისი განცხადებით, როგორც წესი გადაწყვეტილებას ამ საკითხთან მიმართებაში იღებს მთავრობა და სარჩელი კი, იუსტიციის სამინისტრომ უნდა მოამზადოს.
„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს საკითხი იქნება დასმული და განხილული, რადგან ჩვენ, როგორც სახელმწიფომ ეს ტრიბუნა და ყველა შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ, რომ კიდევ ერთხელ დაისვას რუსეთის პასუხისმგებლობის საკითხი”, – აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.