ანა ნაცვლიშვილი - საქალაქო სასამართლომ ჩაიდინა სამართლებრივი აბსურდი, როცა პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება გააუქმა, ეს გააკეთა იმიტომ, რომ კლანი იყოს კომფორტში
საქალაქო სასამართლომ ჩაიდინა სამართლებრივი აბსურდი, როცა პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება გააუქმა, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
ნაცვლიშვილის თქმით, ასეთი სასამართლოს დაცვისთვის იბრძვის დღეს ხელისუფლება.
„სასამართლო კლანმა და ივანიშვილის „ოცნებამ“ გადაწყვიტეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 15 წევრიდან არცერთი წევრი არ იყოს ისეთი, ვინც დაიცავს მოქალაქის ინტერესებს, უფლებებს და არ იქნება კლანის, ხელისუფლების ყურმოჭრილი მსახური. 15-დან ერთი ადგილიც არ ემატებათ, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საზოგადოების ინტერესების წარმომადგენელი იჯდეს, იყოს ისეთი ადამიანი, ვინც ხმას აიმაღლებს სასამართლო სისტემაში არსებული უსამართლობების წინააღმდეგ. ეს გასაკვირი არ არის იმ ხელისუფლებისგან, რომელმაც გადაწყვიტა, მთელ ქვეყანას მურუსიძე-ჩინჩალაძის სამართალი მიუსაჯოს. აი, ამ სამართლის გამოვლინება ვნახეთ.
სასამართლო ხელისუფლებამ წარმოუდგენელი დრაკონული გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც ხელისუფლება მზად არის, ახალგაზრდა ადამიანებს ცხოვრება დაუნგრიოს, ათასობით სხვა ახალგაზრდას მომავალი წაართვას, ოღონდ თავად შეინარჩუნოს ძალაუფლება. საქალაქო სასამართლომ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით ჩაიდინა სამართლებრივი აბსურდი, როცა კონსტიტუციით გარანტირებული პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება გააუქმა.
ვერ იპოვით ერთ კვალიფიციურ იურისტს, ვინც იტყვის, რომ სასამართლოს ასეთი უფლებამოსილება ჰქონდა. საქალაქო სასამართლომ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით კონსტიტუცია გააუქმა. ეს გააკეთა იმიტომ, რომ კლანი იყოს კომფორტში, სასამართლო სისტემაში საზოგადოების თვალი და ყური არ შევიდეს, საზოგადოებას არ ჰქონდეს ინფორმაცია, რა უსამართლობა ხდება სასამართლო სისტემაში. ამავდროულად, კლანმა სასამართლო სისტემაში მყოფ ცოტა, მაგრამ პრინციპულ და სამართლიან მოსამართლეებს წაართვა შესაძლებლობა, 15-კაციან საბჭოში ერთი წევრი მაინც იყოს მათი დამცველი. ასე იმართება დღეს ქვეყანა. ასეთი სასამართლოს დაცვისთვის იბრძვის დღეს ხელისუფლება“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულება შეჩერდა.