ანა ნაცვლიშვილი - სააკაშვილის ხელისუფლებისთვის დემოკრატია და ადამიანის უფლებები აქილევსის ქუსლი იყო, ეს თავადაც აღიარა
სააკაშვილის ხელისუფლებისთვის დემოკრატია და ადამიანის უფლებები აქილევსის ქუსლი იყო. ეს თავადაც აღიარა, მათ შორის სასამართლოსთან მიმართებაში, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პატიმარი პრეზიდენტის მხარდასაჭერად სხვა ფორმის შერჩევაც შეიძლებოდა.
„„ქართული ოცნება“ ჯილდოზე რომ ამბობს, ეს ყველაზე დიდი ცინიზმია, რადგან ვინ-ვინ და „ქართულმა ოცნებამ“ სამართლიანობის აღდგენისთვის არაფერი გააკეთა და დატოვა ისევ იგივე უსამართლო სასამართლო და უსამართლო ძალოვანი სისტემები. რაც შეეხება ჯილდოს შინაარსს, ჩემი პოზიციის მოსმენა ყველას არ სიამოვნებს, მაგრამ გეტყვით, მესმის, რომ პატიმარი პაციენტის მხარდასაჭერად და სააკაშვილის გარშემო პროტესტის გამოსახატად ჯილდოს გაცემა კეთილი სურვილია, რომ საკითხი კვლავ იყოს აქტუალური და მხარდაჭერა გამოხატონ მძიმე მდგომარეობაში მყოფი პატიმარი პრეზიდენტის მიმართ, მაგრამ, ვფიქრობ, რომ სხვა ფორმის შერჩევა შეიძლებოდა, რადგან სააკაშვილის ხელისუფლებისთვის დემოკრატია და ადამიანის უფლებები აქილევსის ქუსლი იყო. ეს თავადაც აღიარა, მათ შორის სასამართლოსთან მიმართებაში“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ნორვეგიისგან ადამიანის უფლებებისთვის და დემოკრატიისთვის ბრძოლის საქმეში ჯილდო მიიღო.