ანა ნაცვლიშვილი - ქართველი ხალხი არჩევნების გზით როგორც კი აირჩევს ევროატლანტიკური კურსის ერთგულ ხელისუფლებას, აშშ-ის მხრიდან სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვის საკითხი მოიხსნება
„ლელოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებას ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისა და დემოკრატიული პროცესების ურყევი მხარდაჭერის დადასტურებად აფასებს.
მისი თქმით, აშშ ადასტურებს, რომ მოქმედებს ქართველი ხალხის, ახალგაზრდობისა და ათიათასობით მოქალაქის მხარდასაჭერად, რომლებიც, მთელი თვეა, ქუჩაში დგანან საქართველოს დამოუკიდებლობისა და ევროპული მომავლის დასაცავად.
„ადამიანებს, რომლებიც ძირს უთხრიან საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მომავალს და მტრობენ საქართველოს და აშშ-ს შორის მრავალწლიან მეგობრობას, მოუწევთ პერსონალური სანქციების მიღება. ამერიკა ადასტურებს, რომ მოქმედებს ქართველი ხალხის, ახალგაზრდობისა და ათიათასობით მოქალაქის მხარდასაჭერად, რომლებიც, მთელი თვეა, ქუჩაში დგანან რუსული ხელისუფლების და რუსული გეგმის საწინააღმდეგოდ, რათა საქართველოს დამოუკიდებლობა და ევროპული მომავალი დაიცვან. ხდება ქმედებაზე გადასვლა იმ პირების მიმართ, რომლებიც საკუთარი სამშობლოს გაყიდვის ხარჯზე აპირებდნენ, რომ აშშ-ში და დასავლეთის სხვა ქვეყნებში მოეწყოთ კომფორტული ცხოვრება. ეს ასე არ იქნება. ის, ვინც ღალატობს ხალხის ნებას და კონსტიტუციას, მოუწევს პერსონალური პასუხისგება, მათ შორის, არა მხოლოდ ამერიკული სანქციების, არამედ, როდესაც შევქმნით ევროპული სტანდარტის ქართულ მართლმსაჯულებას, ამ ადამიანებს მოუწევთ ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარდგენა. რაც შეეხება სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვას, ეს ის უმძიმესი დანაშაულია, რომელიც „ქართულმა ოცნებამ” ქართული სახელმწიფოს წინაშე ჩაიდინა. ვაფრთხილებდით ხელისუფლებას, რომ მისი რუსული ნაბიჯები ძალიან მძიმე დარტყმას მიაყენებდა საქართველოსთან მეგობრობას და პარტნიორობას. ამ ნაბიჯის გადადგმა კიდევ ერთი მკაფიო გზავნილია რუსული ხელისუფლების წინააღმდეგ, მაგრამ როგორც კი ქართველი ხალხი არჩევნების გზით გაისტუმრებს რუსულ ხელისუფლებას და აირჩევს დემოკრატიის და ევროატლანტიკური კურსის ერთგულ ხელისუფლებას, ეს საკითხი არათუ დღის წესრიგიდან მოიხსნება, არამედ აღდგება სტრატეგიული პარტნიორობა და ახალი ხელისუფლება ძალიან სწრაფად იმუშავებს, რომ საქართველომ მიიღოს ყველა დახმარება და მხარდაჭერა, ვიზალიბერალიზაცია, ვაჭრობის და თავდაცვის სფეროებში უპრეცედენტო შეთავაზება, რაც დაანონსებულია“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დღეს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია: „ვიწყებ აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ძირეულ გადახედვას, იმედი გვაქვს, საქართველოს ლიდერები გადახედავენ კანონპროექტს და გადადგამენ ნაბიჯებს ერის დემოკრატიული, ევროატლანტიკური მისწრაფებებისკენ“. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტს შემოაქვს საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვის ახალი პოლიტიკა, რომელიც გავრცელდება იმ პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან საქართველოში დემოკრატიის შელახვაზე, ასევე, მათი ოჯახის წევრების მიმართ.