ანა ნაცვლიშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გადადგას გონივრული ნაბიჯი, ერთი ხელით მოლაპარაკებაზე არ უნდა იჯდეს და მეორეთი მუქარას აგზავნიდეს
პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წარმომადგენელის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, შექმნილ ვითარებაში მთავარია, „ქართულმა ოცნებამ“ გაანალიზოს და გადადგას გონივრული, სწორი ნაბიჯები პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად.
„ჩვენი მხრიდან მზად ვართ, გავაგრძელოთ ახალ, სუფთა არჩევნების თარიღზე და დეტალებზე საუბარი. „ქართული ოცნება“ ხშირ შემთხვევაში, კომიკურ ვითარებაშიც კი იმყოფება ერთპარტიულ პარლამენტში და მთავარია, „ქართული ოცნება“ როდის იქნება მზად, რომ გააანალიზოს, რამდენად მზადაა, გადადგას გონივრული და სწორი ნაბიჯები პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად.
პოლიტიკური კრიზისი რომ არსებობს, ეს ფაქტია, ეს კრიზისი რომ განსამუხტია, ესაა მოცემულობა. ამ რთულ პროცესში რომ „ოცნებამ“ უნდა გადადგას ნაბიჯი და ასე გაჯიუტებული პატარა ბავშვივით ჭირვეული არ უნდა იყოს, ერთი ხელით მოლაპარაკებაზე არ უნდა იჯდეს და მეორე ხელით მუქარას არ უნდა გზავნიდეს, აიმ ეს უნდა გაიზრონ, იმედია, ამას მოახერხებენ“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციის კრიტიკოსობაში არ უხდიან დეპუტატებს ხელფასს.
„დარწმუნებული ვარ, რომ დღეს გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი საქმე აქვთ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს, ვიდრე ოპოზიციის მუდმივი კრიტიკა. ოპოზიციის კრიტიკოსობაში მათ ხელფასს არ უხდის ქართველი ხალხი და აი, ამ მძიმე ვითარებაში ასეთი გაბედულები თუ არიან, თეა წულუკიანი ასეთი გაბედული და ასეთი პრინციპული თუ არის, დღეს აქვს ასპარეზი, რომ პრინციპულობა გამოიჩინოს საქართველოში წარუმატებელი და არაკომპეტენტური სამთავრობო კანდიდატების განხილვისას. მათი პრინციპულობა იქ გამოჩნდება. ოპოზიციის კრიტიკისთვის არ დაუქირავებიათ ისინი ამომრჩევლებს“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.