ანა ნაცვლიშვილი - „ქართულმა ოცნებამ" თავი უნდა დაანებოს ანტირუსული პროტესტის მონაწილეების სათითაოდ დევნას, მათთვისვე აჯობებს, მიუბრუნდნენ სტატუსისთვის საჭირო 12 წინაპირობის შესრულებას
„ქართულმა ოცნებამ” თავი უნდა დაანებოს ანტირუსული, სახალხო პროტესტის მონაწილეების სათითაოდ დევნას. მათთვისვე აჯობებს, მიუბრუნდნენ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისთვის საჭირო 12 წინაპირობის შესრულებას, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოსთვის თუ კანდიდატის სტატუსის მინიჭების ჩაგდებას გააგრძელებენ, სახალხო პროტესტი კიდევ უფრო ფართო იქნება და საქართველოს მოქალაქეებისგან უკმაცრეს პასუხს მიიღებენ.
„7-8 მარტის აქციებმა „ქართულ ოცნებას“ დაანახა, რა არის ხალხის რეალური ძალა. ამით შეშინებული „ქართული ოცნება“ ცდილობს, სათითაოდ პასუხი მოსთხოვოს ანტირუსული პროტესტის მონაწილეებს. ამისთვის მათ სხვადასხვა რეპრესიული მექანიზმები აქვთ, მათ შორის ერთ-ერთია საბჭოთა, 1984 წელს მიღებული კანონი, რომლის საფუძველზეც, ანტირუსული აქციების მონაწილეთა დაკავება და დაჯარიმება ხდება.
დამოუკიდებელმა მიუკერძოებელმა დამკვირვებლებმა, ასევე სახალხო დამცველმა უკვე გააკეთეს საჯარო შეფასებები, რომ 7-8 მარტის აქციების ძალისმიერი დაშლის საფუძველი არ არსებობდა. არც კი საუბრობენ პროპორციულობაზე და პირდაპირ ამბობენ, რომ ძალის გამოყენების საფუძველი არ არსებობდა. იყო არაერთი დარღვევა, მათ შორის დაკავებული დემონსტრანტების ცემა და ფიზიკური დაზიანებების მიყენება. ამ პირობებში სისტემა საკუთარ პასუხისმგებლობაზე არ საუბრობს და ახალგაზრდებს ემუქრება, მათ შორის არასრულწლოვნებს. ვერავის შეაშინებენ საკუთარი დეპუტატების გარდა, რაც უკვე ვნახეთ. ჩვენ თითოეულ საქმეს ბოლომდე მივყვებით.
მინდა, ყველას მოვუწოდო, თუ იქნება მუქარა, შეგვეხმიანეთ, დაგიცავთ და ასევე ძალიან ყურადღებით შევისწავლით სასამართლო ხელისუფლების მოქმედებებს ანტირუსული პროტესტის მონაწილეთა მიმართ. ხელისუფლება, რომელიც საკუთარ ხალხს, ამ ქვეყნის მომავალ თაობას ემუქრება, დასრულებულია. ირაკლი კობახიძის სახით შიშითა და მოლანდებებით აცახცახებული ავტოკრატი ვნახეთ, მისი მდგომარეობა ძალიან რთულია. შიშს დიდი თვალები აქვს, რომელიც კობახიძეს დიდი ხანია, ასეთ ბოდვით მდგომარეობაში ამყოფებს“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.