ანა ნაცვლიშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ თავი დაანებოს გირგვლიანის სახელით მანიპულირებას
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი მოუწოდებს მმართველ პარტიას გაათავისუფლოს სისტემა იმ პროკურორებისგან, სპეცსამსახურების თანამშრომლებისგან და მოსამართლეებისგან, რომლებიც წლების განმავლობაში აკეთებდნენ, უკვეთავდნენ, ხელს აფარებდნენ და სამართლის ფორმით აფორმებდნენ უსამართლობას, ადამიანის უფლებების დარღვევას და ადამიანის უფლებების შელახვას.
“სისტემური დანაშაულებით დაზარალებული საქართველოს ასობით მოქალაქე წლებია ელოდება სამართალს. ამიტომ „გირგვლიანის პაკეტი“ უნდა მოიცავდეს ისეთ მოქმედებებს, როგორიც არის იმ პროკურორებისგან, სპეცსამსახურების თანამშრომლებისგან და მოსამართლეებისგან გათავისუფლება, რომლებიც წლების განმავლობაში აკეთებდნენ, უკვეთავდნენ, ხელს აფარებდნენ და სამართლის ფორმით აფორმებდნენ უსამართლობას, ადამიანის უფლებების დარღვევას და ადამიანის უფლებების შელახვას. სხვა შემთხვევაში გირგვლიანის პაკეტი იქნება ფარსი. რასაც ჩვენ ეს წლებია ვუყურებთ ეს არ არის მართლმსაჯულების განხორციელება დაზარალებული ადამიანების ინტერესების სასარგებლოდ, ეს არის მართლმსაჯულების ფარსი და ადამიანების ემოციებით მანიპულირება”, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
ანა ნაცვლიშვილის კომენტარს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.