ანა ნაცვლიშვილი - „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ ე.წ. დელეგატებს არასდროს კავშირი არ ჰქონიათ ქართველ ხალხთან, ესენი არიან კორუმპირებული ადგილობრივი ფეოდალები
„ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ ეგრეთ წოდებულ დელეგატებს არასდროს კავშირი არ ჰქონიათ ქართველ ხალხთან, ესენი არიან კორუმპირებული ადგილობრივი ფეოდალები, – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანების, „ძლიერი საქართველოს“ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
ნაცვლიშვილის თქმით, „26 ოქტომბერს ქართველი ხალხი ამ ადამიანებს საკადრის ადგილს მიუჩენს“.
„რუსეთის მსახური ხელისუფლება გარდაუვალად მარცხდება 26 ოქტომბრის არჩევნებზე. ამის კიდევ ერთი დასტურია მათ მიერ გუშინ წარდგენილი საარჩევნო სია ეგრეთ წოდებული დელეგატებისა, იმ ოდიოზური ფიგურების, რომლებსაც არასდროს არანაირი კავშირი არ ჰქონიათ ქართველ ხალხთან. არასდროს წარმოადგენენ საქართველოს მოქალაქეებს და მათ ინტერესებს. ესენი არიან კორუმპირებული ადგილობრივი ფეოდალები. კორუფციის გზით დაგროვებული ქონებით ცდილობენ ხმების მობილიზებას, მათ შორის, არაკანონიერი გზებით ადგილებზე. კვლავ მათზე აკეთებს გათვლას „ქართული ოცნება“. ამ ადამიანებს რაც არ უნდა დაარქვან, მინდა, მათ ვუთხრა, უნდათ, დელეგატები დაარქვან, უნდათ – სხვა რამ, ფაქტი არის ერთი, მაჟორიტარული სისტემა საქართველოს კონსტიტუციით გაუქმებულია. ტყუილია, რომ ეს ადამიანები იქნებიან ახალი მაჟორიტარები, რასაც „ქართული ოცნება“ საზოგადოებას ეუბნება. ესენი არიან ძველი სახეები, კორუმპირებული ადგილობრივი ფეოდალები, სახელის ცვლილებით მათი ბუნება არ შეიცვლება, მათ კარგად იცნობს ქართველი ამომრჩეველი. ესენი არიან ადამიანები მკაფიოდ გამოხატული პრორუსული ხაზით, ბევრი მათგანი რუსული კანონის მხარდამჭერია, რომლებსაც არაფერი აქვთ საერთო საქართველოს ინტერესებთან. ესენი არიან წარსულის ადამიანები და 26 ოქტომბრის არჩევნებზე ქართველი ხალხი ამ წარსულის ადამიანებს მიუჩენს საკადრის ადგილს. საქართველო კი გააგრძელებს წინსვლას, განვითარებას, პროგრესს ძლიერი სახელმწიფოს ასაშენებლად“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
„ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა 22 დელეგატი, რომლებიც რეგიონებში საარჩევნო კამპანიას გაუძღვებიან.