ანა ნაცვლიშვილი - „ქართულ ოცნებას“ რეკომენდაციების შესრულება თუ უნდა, მზად არის სასამართლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც ვენეციის კომისიის დასკვნაში მითითებულ საკითხებს პასუხობს
რეკომენდაციების შესრულება თუ უნდა „ქართულ ოცნებას“, მზად არის სასამართლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც ვენეციის კომისიის დასკვნაში მითითებულ საკითხებს პასუხობს, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სასამართლოს რეკომენდაციის შესასრულებლად ფართო კონსენსუსზე დაფუძნებული ყველა წესის დაცვით ინიცირებული კანონპროექტი კომიტეტამდეც კი არ მიიტანა „ქართულმა ოცნებამ“ და ამას სრულიად შეგნებულად აკეთებენ.
ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, 12 პუნქტის შესრულება საქართველოს პარლამენტისთვის რეალურად არ წარმოადგენს პრიორიტეტს.
„ამას ადასტურებს, მაგალითად, გასული კვირა, რომლის განმავლობაშიც პარლამენტში არ ჩატარებულა არცერთი საკომიტეტო სხდომა, ორი სხდომის გარდა, ამ ორ სხდომაზე გატანილი იყო ორი საკითხი. არცერთი არ ეხებოდა 12 პუნქტის შესრულებას. დანარჩენი კომიტეტები და მათი ხელმძღვანელები, როგორც ჩანს, მიიჩნევენ, რომ პარლამენტს აქვს დასვენების ფუფუნება მაშინ, როდესაც ჩვენ ძალიან მკაფიოდ გვითხრეს მეგობრებმა ბრიუსელიდან, გრჩებათ ცოტა დრო 12 პუნქტის შესასრულებლად, მაშინ, როდესაც ძალიან კრიტიკული ორი დასკვნა ჩამოვიდა ვენეციის კომისიიდან. ორივე დასკვნა აჩვენებს, რომ ამ ეტაპისთვის არ არის შემუშავებული ის პროექტები, რომელიც შეასრულებდა 12 პუნქტის მოთხოვნას. ხელთ მაქვს მრავალიდან მხოლოდ ერთი, „ლელოს“ მიერ ფართო პოლიტიკური კონსენსუსის საფუძველზე, დარგის სპეციალისტებთან, ექსპერტებთან მრავალდღიანი მუშაობის შედეგად შეჯერებული სასამართლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც ზუსტად, პუნქტობრივად პასუხობს იმ საკითხებს, რაზეც მითითებულია ვენეციის კომისიის დასკვნაში. ეს კანონპროექტი მოვამზადეთ და დავაინიცირეთ საშემოდგომო სესიის დასაწყისში, ახლა არის საგაზაფხულო სესია და პარლამენტს განხილვაც კი არ დაუწყია არცერთ კომიტეტზე.
თქვენ ასევე გახსოვთ, „ლელოს“ მიერ ინიცირებული ანტიკორუფციული პაკეტი, რომლის განხილვის დროს „ქართული ოცნების“ პასუხი იყო, რომ ამ ქვეყანაში კორუფცია არ არსებობს და ჩვენ არ გვჭირდება დამოუკიდებელი მექანიზმი და შექმნეს სრულიად გაუგებარი უწყება, რომელიც ასევე არ პასუხობს ევრორეკომენდაციას. იმ დროს, როდესაც დაჩქარებით, ერთ კვირაში ყველა კომიტეტი გაიარა რუსულმა პროექტმა და მეორე კვირაში უკვე სესიაზე მოხვდა, სასამართლოს რეკომენდაციის შესასრულებლად ფართო კონსენსუსზე დაფუძნებული ყველა წესის დაცვით ინიცირებული კანონპროექტი კომიტეტამდეც კი არ მიიტანა „ქართულმა ოცნებამ“ და ამას აკეთებენ სრულიად შეგნებულად, მავნებლურად.
ჩვენ არ ვაპირებთ, გავჩერდეთ. ძალიან მკაცრად მოვითხოვთ, დაიწყოს ამ ინიციატივების განხილვა და „ოცნებას“ მოვუწოდებთ, დაიწყეთ რეალური სამუშაო პროცესი, გამჭვირვალე და არა გაუგებარი სამუშაო ჯგუფებით, როგორც ეს აკეთეთ ზაფხულში და კარგად გამოჩნდა ვენეციის კომისიის დასკვნებით, რომ ის, რასაც აკეთებდით და ყალბ ილუზიებს ქმნიდით, დახარვეზდა ვენეციის კომისიის მიერ. რეალური მუშაობა და რეკომენდაციების შესრულება თუ გინდათ, აქ არის, მზად არის, ამ ინიციატივის განხილვა მაინც გაბედეთ, რათა ქვეყანამ გადადგას რეალური ნაბიჯები ევროკავშირისკენ“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.