ანა ნაცვლიშვილი - „ქართულ ოცნებას“ მითებისა და ზღაპრების დევნას ურჩევნია, საქმეს მიხედოს, რაც ცხრა წლის მანძილზე ვერ გააკეთეს
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მძიმე კითხვები დაისვა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მხრიდან. გახსოვთ, რომ ეს არჩევნები შეფასდა, როგორც ლეგიტიმაციის ზღვარზე გასული. ასევე მძიმე დარღვევები დადასტურდა ეუთო/ოდირის დასკვნით, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა „ქართული ოცნების“ წევრის, გივი მიქანაძის საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, ქართულმა ოცნებამ“ ავტორიტეტული საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციების დასკვნებში უნდა ჩაიხედოს.
„კარგი იქნება, „ქართულმა ოცნებამ“ თითიდან გამოწოვილი ბრალდებების ნაცვლად, ჩაიხედოს იმ ავტორიტეტული საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციების დასკვნებში, რომელთაც ძალიან მძიმე შეფასება მისცენ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებს. მმართველმა გუნდმა უნდა უზრუნველყოს სამართლიანი არჩევნების ჩატარება. „ქართულ ოცნებას“ მითებისა და ზღაპრების დევნას ურჩევნია, საქმეს მიხედონ ახლა მაინც, რაც ცხრა წლის მანძილზე ვერ გააკეთეს“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გივი მიქანაძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიები არ აწარმოებენ წინასაარჩევნო აქტიურ კამპანიას, რაც ამყარებს განცდას, რომ ისინი არა 2 ოქტომბრის არჩევნებისთის, არამედ 3 ოქტომბრის დესტრუქციისთვის ემზადებიან.