ანა ნაცვლიშვილი - პროპაგანდა, რომელიც ხელისუფლებამ გაავრცელა მარგველაშვილის წინააღმდეგ, არის ამაზრზენი და ფაქტებით დამტკიცებული სიყალბე
ანა ნაცვლიშვილი - პროპაგანდა, რომელიც ხელისუფლებამ გაავრცელა მარგველაშვილის წინააღმდეგ, არის ამაზრზენი და ფაქტებით დამტკიცებული სიყალბე

პროპაგანდა, რომელიც ხელისუფლებამ გაავრცელა მარგველაშვილის წინააღმდეგ, არის ამაზრზენი, რადგან, განსაკუთრებით „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა, რომლებიც ხშირად დათანხმებულან და მიუღიათ სხვადასხვა საჩუქარი, მათ შორის, პოლიტიკური საჩუქარი, ძალიან კარგად იციან მარგველაშვილის დამოკიდებულება ფინანსური საკითხების მიმართ, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

ანა ნაცვლიშვილი გამოეხმაურა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტებს, რომლის მიხედვითაც, ერთ-ერთ აქტივობაში, რომელშიც გიორგი მარგველაშვილიც იყო ჩართული, მედიაკომპანიამ მიხეილ სააკაშვილის სახელით 12 000 დოლარამდე თანხა მიიღო.

მისივე თქმით, თანხა მისთვის გადახდილი არ ყოფილა, ამიტომ ხელისუფლების პროპაგანდა არის ფაქტებით დამტკიცებული სიყალბე.

„მარგველაშვილთან დაკავშირებით ვნახე ოფიციალური წყაროები, სადაც საუბარი არის სულ სხვა რამეზე, ვიდრე ის, რა ვერსიაც ხელისუფლებამ საზოგადოებას შესთავაზა. გიორგი მარგველაშვილი შეიძლება, ბევრ ადამიანს მოსწონდეს ან არ მოსწონდეს, პოლიტიკურად ეთანხმებოდეს ან არ ეთანხმებოდეს. გაგიმხელთ ერთ საიდუმლოს, მათ შორის მაშინაც კი, როდესაც მე მასთან ვმუშაობდი, გვქონდა გარკვეულ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობა და ის იმდენად დემოკრატია ბუნებით, რომ მას არანაირი პრობლემა განსხვავებული აზრის მოსმენასთან მიმართებაში არ ჰქონდა, სწორედ ამიტომაც ვმუშაობდი მე მასთან. ეს იყო ნამდვილად ძალიან სასიამოვნო პერიოდი ჩემს პროფესიულ ცხოვრებაში, მაგრამ ერთი, რაც დავინახე იმ დროის განმავლობაში, როცა ჩვენ ძალიან ახლოს ვმუშაობდით – ჩემთვის აბსოლუტურად წარმოუდგენელია, გიორგი მარგველაშვილს ჰქონდეს რაიმე ტიპის მსგავსი ურთიერთობა ფულთან. მისი დამოკიდებულება ფინანსების მიმართ ჩემთვის იყო ძალიან ნათელი, ეს არ არის ადამიანი, რომელიც რაიმე ტიპის ასეთ საკითხს და ასეთი ტიპის ფულს ხელს მოკიდებს. ამაში მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ და ეს დასტურდება ოფიციალური წყაროებითაც. ამიტომ ის პროპაგანდა, რომელიც ხელისუფლებამ გაავრცელა, არის უბრალოდ ამაზრზენი, რადგან ვინ-ვინ და ხელისუფლებამ, განსაკუთრებით „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა, რომლებიც ხშირად დათანხმებულან და მიუღიათ სხვადასხვა საჩუქარი, მათ შორის, პოლიტიკური საჩუქარი, ძალიან კარგად იციან მარგველაშვილის დამოკიდებულება ფინანსური საკითხების მიმართ. ის არანაირი მსგავსი ტიპის ვალდებულებით არ აიღებდა ფულს, ამას ადასტურებს დოკუმენტები, რომ ეს თანხა მისთვის გადახდილი არ ყოფილა, ამიტომ ხელისუფლების პროპაგანდა მორიგ ჯერზე არის ფაქტებით დამტკიცებული სიყალბე“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.