ანა ნაცვლიშვილი - პარლამენტის თავმჯდომარისგან ახსნა-განმარტების გარეშე მივიღე უარი, ლაზარე გრიგორიადისი ციხეში მომენახულებინა, ეჭვი მიღრმავდება, რომ მისი უფლებები სერიოზული რისკის ქვეშაა
პარტია „ლელოს“ წევრის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე ბრალდებული ლაზარე გრიგორიადისის ციხეში მონახულებაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა უარი უთხრა.
მისივე თქმით, უარი ახსნა-განმარტების გარეშე მიიღო.
ამასთან, როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატმა განაცხადა, ინფორმაცია ვრცელდებოდა, რომ ციხეში დაკავებულის უფლებები ირღვეოდა.
„როგორც პარლამენტის წევრმა, ლაზარესთან შესვლის უფლება ვითხოვე, რისი უფლებაც მაქვს, როგორც დეპუტატს. სამწუხაროდ, პარლამენტის თავმჯდომარისგან უარი მივიღე, დაკავებული ციხეში მომენახულებინა. ეს მოხდა ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე. ინფორმაცია ვრცელდებოდა, რომ ციხეში მისი უფლებები ირღვეოდა. პარლამენტის თავმჯდომარე ყოველგვარი მიზეზის ახსნის გარეშე უარს ამბობს, დეპუტატმა ვისარგებლო კონსტიტუციური უფლებით. ამ პირობებში ეჭვი მიღრმავდება, რომ მისი უფლებები არის სერიოზული რისკის ქვეშ“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.