ანა ნაცვლიშვილი - ომის დაწყების თემა სპეკულაციაა და ეს უნდა დასრულდეს
ომის დაწყების თემა სპეკულაციაა და ეს უნდა დასრულდეს, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
ნაცვლიშვილის თქმით, აღნიშნულის თქმის საფუძველს საპარლამენტო დელეგაციის უკრაინაში გამართული შეხვედრები აძლევს, სადაც მსგავსი მოწოდებები არ ყოფილა.
„ცალკეული განცხადებები, რომელიც ისმის, რიგ შემთხვევებში კერძო პირებისგან და ექსპერტებისგან მოდის, რასაც არ ვიზიარებ ხოლმე, მაგრამ ეს არ არის უკრაინის სახელმწიფოს ოფიციალური პოზიცია. ამის თქმის მყარ საფუძველს ის შეხვედრა მაძლევს, რომელიც საპარლამენტო დელეგაციას გვქონდა კიევში, ბუჩასა და ირპენში, სადაც პარლამენტის თავმჯდომარესა და სხვა ოფიციალურ პირების დელეგაციას შევხვდით. როგორც გახსოვთ, შეხვედრა იყო პარლამენტის სპიკერებს შორის, რომელსაც შალვა პაპუაშვილი ესწრებოდა, ასევე შეხვედრა იყო სრულ დელეგაციებს შორის. ჩვენ რადას სპიკერისგან, რომელიც უკრაინის ხელისუფლების პოზიციას ახმოვანებს, მსგავსი მოწოდებები არ მოგვისმენია. ასეთი მოწოდებები კერძო საუბარში პაპუაშვილთან რომ გაეჟღერებინა, ის პასუხს გასცემდა. ომის დაწყების თემა სპეკულაციაა და ეს უნდა დასრულდეს“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
ამასთან, ანა ნაცვლიშვილმა სანქციებზე საუბრისას აღნიშნა, რომ აღნიშნული ფაქტი დღის წესრიგში ევროპარლამენტის რეზოლუციამ დააყენა.
„რაც შეეხება სანქციებს, ეს თემა რომ შეუქცევადად დღის წესრიგშია, შემდგარი ფაქტია. ეს ფაქტი დღის წესრიგში ჩასვა ევროპარლამენტის რეზოლუციამ, სადაც მითითებულია, რომ საქართველოში არის რუსი ოლიგარქი და მის მიმართ სანქციების საკითხი უნდა იყოს განხილული ევროკავშირშიც, ევროკავშირის დემოკრატიულ პარტნიორებშიც. ამის გაგრძელებაა ის, რომ უკრაინის სანქციებში ივანიშვილის ოჯახი მოჰყვა“, – აღნიშნა ნაცვლიშვილმა.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულებით, საქართველოს ოთხ მოქალაქეს, ალექსანდრე ივანიშვილს, უჩა და ტატე მამაცაშვილებს, ქეთევან ხარაიძეს სანქციები დაუწესდა.