ანა ნაცვლიშვილი - „ნაციონალურ მოძრაობაში“ ალბათ თავად გაერკვევიან, როგორ მოექცევიან საკუთარ მანდატებს, ეს პოზიციონირება სწორად რომ მიმაჩნდეს, ამ საკითხს თავად დავსვამდი
„ნაციონალურ მოძრაობაში“ ალბათ თავად გაერკვევიან, როგორ მოექცევიან საკუთარ მანდატებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „ლელოს“ წევრმა, დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა განუცხადა.
ნაცვლიშვილი გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, სადაც ის ამბობს: „მიხეილ სააკაშვილს თუ გაუშვებენ, მე და „ნაციონალური მოძრაობა“ მზად ვართ, ამის სანაცვლოდ დავტოვოთ საკრებულო, პარლამენტი, „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალური ოფისი გავუფორმოთ ბიძინა ივანიშვილს და ჩვენი ქვეყნისთვის ბრძოლა დავიწყოთ მინუსებიდან“.
„ეს საკითხი მორიგ ჯერზე დაიძრა პარტიის შიგნით და ალბათ თავად გაერკვევიან, როგორ მოექცევიან საკუთარ მანდატებს. სწორად რომ მიმაჩნდეს, იმავეს გავაკეთებდი. ვინაიდან იმავეს არ ვაკეთებ, ე.ი. სხვა შეხედულება მაქვს ამ საკითხზე. ეს პოზიციონირება სწორად რომ მიმაჩნდეს, ამ საკითხს თავად დავსვამდი“, – აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.