ანა ნაცვლიშვილი მთავრობას მიმართავს, განმარტოს, რატომ არ შეხვდნენ ბუნდესტაგის წარმომადგენლებს
ჩვენს ევროპელ მეგობრებსა და პატნიორებს შორის საყოველთაო თანხმობაა იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართული ოცნების“ რუსული პოლიტიკით საქართველო ევროკავშირის წევრი სახელმწიფო ვერ გახდება, – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანების, „ძლიერი საქართველოს“ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ რუსული კანონით ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი გააჩერა.
„ყველა აცნობიერებს, რომ გადამწყვეტი დღე 26 ოქტომბერია – ქართველ ხალხს არ სურს, რუსეთის ნაწილი იყოს და ნამდვილად აქვს სურვილი, ქვეყანა ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდეს. არჩევანი ძალიან ცხადია რუსეთსა და საქართველოს, რუსულ ჭაობში დაბრუნებასა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას შორის. ძალიან მკაფიო და ცხადია პოზიციები, რაც ჩვენს პარტნიორებს აქვთ. „ქართული ოცნება“ არის ბოლომდე ლუსტრირებული პოლიტიკური ძალა, რომლის ამოცანაა, ქვეყანა იზოლაციაში მოაქციოს. არანაირი ევროპული ინტეგრაცია და ქართველი ერის ნების აღსრულება „ქართული ოცნების“ ამოცანებში არ შედის. მაშინ, როცა საქართველოს ევროინტეგრაციისთვის გერმანული მხარის პოზიციას პრინციპული მნიშვნელობა აქვს და ბუნდესტაგის მხრიდან მისაღებია მნიშვნელოვანი სამართლებრივი გადაწყვეტილება, „ქართული ოცნების“ აღმასრულებულმა ხელისუფლებამ ბუნდესტაგის წარმომადგენლებს განუცხადა, რომ არ აქვს დრო, შეხვდნენ ადამიანებს, რომლებმაც რამდენიმე თვეში საქართველოსთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ.
მთავრობა თუ საქართველოს ინტერესების დაცვისთვის და წინ წაწევისთვის ვერ იცლის, მაშინ განმარტონ, რა უფრო მნიშვნელოვანი საქმე ჰქონდათ, რომ არ ისურვეს იმ ქვეყნის წარმომადგენლებთან შეხვედრა, რომელსაც ევროკავშირში უმნიშვნელოვანესი წონა აქვს. ბუნდესტაგის წევრებს გადავეცით საქართველოს ხალხის განწყობა, რომ საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირში გაწევრიანება ნამდვილად სურთ და ახლა ყველა არჩევნების მოლოდინშია“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.