ანა ნაცვლიშვილი - მივმართავ პროკურატურას, რატომ არ მოხდა იმავე ჩანაწერის საერთაშორისო და ყველასთვის სანდო ექსპერტიზის ბიუროსთვის გაგზავნა
მივმართავ პროკურატურას, რატომ არ მოხდა იმავე ჩანაწერის საერთაშორისო და ყველასთვის სანდო ექსპერტიზის ბიუროსთვის გაგზავნა და ყველასთვის სანდო ექსპერტიზის ბიუროსთვის გაგზავნა და საერთაშორისო საგამოძიებო კომპონენტის შემოტანა? – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გასულ ირაკლი ღარიბაშვილის, ბერა ივანიშვილის და ანზორ ჩუბინიძის ფარულ სატელეფონო ჩანაწერებთან დაკავშირებით განაცხადა.
ნაცვლიშვილის შეფასებით, უცნაურია, რომ პროკურატურა დიდი ხნის განმავლობაში დუმდა და გამოძიების შუალედური შედეგების შესახებ ინფორმაციას ახლა აქვეყნებს.
„ძალიან უცნაურია პროკურატურის დუმილი ამდენი ხნის განმავლობაში და შუალედური ანგარიშის გამოქვეყნება მაშინ, როცა ასეთი პრაქტიკა არ გააჩნია და უცნაურად იყენებს პოლიტიკური ინტერესის საქმეებში. ასეთი იყო ჯაფარიძე-ხაზარაძის მუქარის წერილის შემთხვევა. მელას თავის კუდი მოწმედ მოჰყავდაო, ასე არის პროკურატურის საქმე. იმ პირობებში, როცა სახელმწიფო ინსტიტუციებს მმართველი პარტიისგან და მისი დამფუძნებლისგან არ აქვთ პოლიტიკური დამოუკიდებლობა, ცხადია, რომ სანდოობას ვერ მოიპოვებს. პროკურატურას მივმართავ კითხვით – რატომ არ მოხდა იმავე ჩანაწერის საერთაშორისო და ყველასთვის სანდო ექსპერტიზის ბიუროსთვის გაგზავნა და საერთაშორისო საგამოძიებო კომპონენტის შემოტანა?!
ჩანაწერების გამოქვეყნებიდან ძალიან მალე ბერამ და ანზორ ჩუბინიძემ ფაქტობრივად დაასახელეს, რომ ასეთი მისვლები იყო ოჯახებში და სად არის გამოძიება? რამდენიმე ცოცხალი მოწმე გამოჩნდა, ვინც ინფორმაცია დაადასტურა, რომ ამ სახის დანაშაულის ობიექტები იყვნენ და სად არის გამოძიება? როცა შინაარსზე არაფერი კეთდება, მოცემულობას ამყარებს, რომ პროკურატურის გამოძიებას ნდობა არ ექნება“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
საქართველოს პროკურატურამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში 2021 წლის 6 მარტს გასული ფარული აუდიო ჩანაწერების საფუძველზე დაწყებული გამოძიების შუალედური შედეგების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. საუბარია ირაკლი ღარიბაშვილის, ბერა ივანიშვილის და ანზორ ჩუბინიძის ფარულ სატელეფონო ჩანაწერებზე.