ანა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ ევა გოცირიძის საკონსტიტუციო სასამართლოში გამწესება შეცდომა იქნება
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად ევა გოცირიძის დასახელებას შეცდომად მიიჩნევს.
ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, გოცირიძის პროფესიულ კვალიფიკაციასთან და კეთილსინდისიერებასთან მიმართებით ევროპულ სტრუქტურებში მნიშვნელოვანი კითხვები დაისვა.
„ვფიქრობ, ძალიან დიდი შეცდომაა ხელისუფლების მხრიდან, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოში უშვებს ადამიანს, რომლის პროფესიულ კვალიფიკაციასთან და კეთილსინდისიერებასთან მიმართებით არამხოლოდ ქვეყნის შიგნით, ევროპულ სტრუქტურებშიც ძალიან მნიშვნელოვანი კითხვის ნიშნები დაისვა. პოლიტიკის თვალსაზრისით, ეს არის ძალიან ცუდი მესიჯი, რომელიც იგზავნება არამხოლოდ სასამართლო ხელისუფლებაში, არამედ მთელ ქვეყანაში, რომ მორჩილება, პოლიტიკური ნების გატარება ფასდება და ურჩობა ისჯება“, – აღნიშნა ნაცვლიშვილმა.
საია-ს თავმჯდომარის თქმით, გიცირიძის ხედვები ეროვნულ და საერთაშოროსო სტანდარტებთან შესაბამისობაში არ მოდის.
„გოცირიძის მიმართ ძალიან სერიოზული კითხვები არსებობს. მას ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით, მათ შორის სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით ძალიან უცნაური ხედვები აქვს, რომელიც არ მოდის მაინცდამაინც შესაბამისობაში არც ეროვნულ, არც საერთაშოროსო სტანდარტებთან. მისი კეთილსინდისიერება და მოქმედებები იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წევრობის დროს, განსაკუთრებით მეორე ფაზაში, ძალიან სერიოზული საზოგადოებრივი პროტესტის საფუძველი გახდა, ყველას კარგად გვახსოვს. ამავე დროს ის დაიწუნეს ევროპული სასამართლოს მოსამართლეობისთვის. ასეთი კანდიდატის წარგზავნა საკონსტიტუციო სასამართლოში მმართველი ძალის მიერ არის პირდაპირი მესიჯი იმისა, რომ რასაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, მათ შორის ევა გოცირიძე აკეთებდა, პოლიტიკური ნების განხორციელება საბჭოში და არანაირი დამოუკიდებელი მოქმედებები, რომელიც არ მოსწონდა მმართველ პარტიას არ იყო, ეს იყო ის, რაც მოსწონდა მმართველ პარტიას და რისთვისაც გოცირიძე გულუხვად დააჯილდოვეს“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
შეგახსენებთ, საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალმა ექვსმა ფრაქციამ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად ევა გოცირიძე წარადგინა.
ევა გოცირიძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმაც.