ანა ნაცვლიშვილი - მარიხუანასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიზანმიმართულად არასწორი ინტერპრეტაცია ხდება
ანა ნაცვლიშვილი - მარიხუანასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიზანმიმართულად არასწორი ინტერპრეტაცია ხდება

ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილისა და ადმინისტრაციის პოზიცია ცნობილია, პრეზიდენტი მუდმივად ხაზს უსვამს, რომ არ შეიძლება და არ არის სწორი ადამიანები მარიხუანას მოხმარებისთვის ისჯებოდნენ. ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გამოიტანა და რჩება შთაბეჭდილება, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების მიზანმიმართულად არასწორი ინტერპრეტაცია ხდება, თითქოს ნარკოტიკების ლეგალიზაცია ხორციელდება.

„ეს არის არასწორი ინფორმაციის მიზანმიმართულად გავრცელება. საკონსტიტუციო სასამართლოს არ უთქვამს, რომ ხდება ლეგალიზაცია და მისი გადაწყვეტილებიდან ეს არ გამომდინარეობს. საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ ადამიანის დასჯა ამ ნივთიერების მოხმარებისთვის არ არის სწორი. ეს არის ჯანსაღი, ადამიანზე ორიენტირებული პოზიცია“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

როგორც მან განმარტა, არ არის დასჯის მომხრე, მაგრამ ასევე, არ ემხრობა ნარკოდამოკიდებულებას.

„არანაირ ნივთიერებაზე დამოკიდებულება არ არის მოსაწონი, ნებისმიერი დამოკიდებულება ზღუდავს ყველაზე ძვირფასს, რაც ადამიანს აქვს, ეს არის მისი თავისუფლება“, – განაცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა.

შესაბამისად, მისი შეფასებით, მნიშვნელოვანია, სახელმწიფო არ იყოს ორიენტირებული მოქალაქეთა დასჯაზე, მაგრამ აქტიურად იმუშაოს მათთვის ჯანსაღი ცხოვრების შესაძლებლობების შესათავაზებლად, განსაკუთრებით ახალგაზრდების შემთხვევაში.

„ამას სჭირდება სახელმწიფოს აქტიური ჩართულობა. მათ სჭირდებათ დაინახონ ალტერნატივა, მაგრამ თუ ადამიანები გადაწყვეტენ, რომ სურთ ამ ნივთიერების მოხმარება, ამისთვის სახელმწიფო არ უნდა სჯიდეს“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.