ანა ნაცვლიშვილი - კვლავ დღის წესრიგში ვაყენებთ რიკოთზე მშენებლობის საერთაშორისო აუდიტირების საკითხს, აუცილებელია, სანდოობის მქონე პროფესიონალთა ჯგუფმა ჩაატაროს აუდიტი
ანა ნაცვლიშვილი - კვლავ დღის წესრიგში ვაყენებთ რიკოთზე მშენებლობის საერთაშორისო აუდიტირების საკითხს, აუცილებელია, სანდოობის მქონე პროფესიონალთა ჯგუფმა ჩაატაროს აუდიტი

„ლელოს“ წევრის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, „ლელო“ კვლავ დღის წესრიგში აყენებს რიკოთზე მიმდინარე მშენებლობის საერთაშორისო აუდიტირების საკითხს.

როგორც ნაცვლიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აუცილებელია, საერთაშორისო რეპუტაციის და სანდოობის მქონე პროფესიონალთა ჯგუფმა შეაფასოს და ჩაატაროს რიკოთის უსაფრთხოების, გარემოს დაცვითი საკითხების და ფინანსური აუდიტი.

„ორი კვირაა, „ლელომ“ ეს წინადადება გააჟღერა და მიმართა ხელისუფლებას. რიკოთი არ არის ვინმეს საკუთრება, რიკოთი ის ადგილია, რომლითაც საქართველოს თითოეული მოქალაქე სარგებლობს. ასევე, ეს არის საერთაშორისო ტრანზიტის ნაწილი და მისი უსაფრთხოება კრიტიკული მნიშვნელობის სახელმწიფოებრივი საკითხია. ვინაიდან ამ დრომდე პასუხგაუცემელია ძალიან ბევრი კითხვა, რომელიც დაკავშირებულია უსაფრთხოებასთან, გარემოს დაცვასთან, ირგვლივ მცხოვრებლებზე ზემოქმედებასთან და ა.შ. ჩვენ ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე მივმართავთ ხელისუფლებას და ველოდებით პასუხს, კი-ს ან არა-ს. მე უკვე ოფიციალური წერილით მივმართე შესაბამის უწყებებს, მათ შორის ინფრასტრუქტურის მინისტრს, საგზაო დეპარტამენტს, ეკონომიკის მინისტრს და მათ აქვთ კანონით განსაზღვრული ვალდებულება, რომ ათი დღის ვადაში პოზიცია ჩამოაყალიბონ, რომელიც არის კი ან არა და არა ზოგადი საუბრები, რამდენი კილომეტრი გაიყვანეს, რამდენი ტონა ცემენტი დახარჯეს და ა.შ. ჩვენ არ ვსაუბრობთ, პროექტის რა ნაწილია შესრულებული, ჩვენ ვსაუბრობთ და ვსვამთ კითხვას, როგორ არის შესრულებული და რამდენად უსაფრთხოა, ვინაიდან ჩვენ უკვე ვნახეთ არაერთი შემთხვევა, როცა სწორედ უსაფრთხოების გამო მოუწიათ მათ, დროებით ჩაეკეტათ რიკოთი და მოძრაობა შეეზღუდათ. ეს კითხვები არსად გაქრება, რაც უნდა შეეცადოს ხელისუფლება და მასთან დაკავშირებული პროპაგანდის მანქანა, კონკრეტულ ადამიანებს დაესხას თავს“, – აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.