ანა ნაცვლიშვილი - ხვალინდელ აქციას არ ვესწრებით, ორგანიზატორები როდესაც დასაწყისში ერთ მიზანს აანონსებენ და შუაში - მეორეს, ვფიქრობ, არ არის სწორი დამოკიდებულება
აქციების დაანონსება და მიზანი უნდა იყოს თავიდანვე ცხადი და შუა გზაში არ ხდებოდეს ცვლილებების შეტანა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ლელოს“ წევრმა, დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ ხვალ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განუცხადა.
„რაც შეეხება უკრაინის მხარდაჭერას, იცით, რომ „ლელოს“ დელეგაცია წარმომადგენლობით არის კიევში. ისინი რადას მოწვევით დაესწრებიან საგანგებო სხდომას. სწორედ ამ დელეგაციით ვაფიქსირებთ ჩვენს ურყევ და ძალიან კონკრეტულ მხარდაჭერას უკრაინელი ხალხის მიმართ. რაც შეეხება აქციას, არ ვესწრებით, იმიტომ, რომ მნიშვნელოვანია აქციის ორგანიზატორების მხრიდან პასუხისმგებლიანი მიდგომა, როდესაც დასაწყისში აანონსებენ ერთ მიზანს და შუაში – მეორეს, ვფიქრობ, ეს არ არის საზოგადოების მიმართ სწორი დამოკიდებულება. თუმცა, მე არავის განვსჯი, რა თქმა უნდა, მოქალაქეები, რომლებიც თვლიან, რომ უნდა იყვნენ ამ აქციზე, სწორი მოქალაქეების მხრიდან სწორი პოზიციაა“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქციის ორგანიზატორებმა იგრძნონ პასუხისმგებლობა და პასუხისმგებლობა არ იყოს ბუნდოვანი.
„ჩემი მიზანი არ არის ამ აქციის დისკრედიტაცია. ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ არის ურყევი. ამას ვაფიქსირებთ მთელი წლის განმავლობაში. დანარჩენი კი ჩვენი პოლიტიკური პოზიციაა, რომ აქციების დაანონსება და მიზანი უნდა იყოს თავიდანვე ცხადი და შუა გზაში არ ხდებოდეს გარკვეული ცვლილებების შეტანა. თუმცა, მოქალაქეების გადაწყვეტილებას პატივს ვცემ და მიმაჩნია, რომ მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანია, ყველგან, სადაც შეძლებენ, იქნება ეს აქცია, იქნება ეს საკუთარი სახლის აივანი, იქნება ეს კიევი, თბილისი, ბათუმი, ვისაც სადაც როგორც შეუძლია, რა თქმა უნდა, ძალიან სწორია უკრაინის სოლიდარობა“, – აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.