ანა ნაცვლიშვილი - ხელისუფლება ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეიმუშაოს ბუნებრივი კატასტროფების რისკის მართვის სტრატეგია, რათა ადამიანები კვლავ არ იყვნენ დაუცველი სტიქიის პირისპირ
ხელისუფლება ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეიმუშაოს ბუნებრივი კატასტროფების რისკის მართვის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რათა ადამიანები კვლავ არ იყვნენ მარტო დაუცველები სტიქიის პირისპირ, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლება ვალდებულია შემუშავებულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში ასახოს ყველა ნაბიჯი და გასატარებელი ღონისძიება.
„ექვსი თვე გავიდა შოვის კატასტროფის შემდეგ და ფაქტია, რომ ხელისუფლებას კვლავ არ აქვს ბუნებრივი კატასტროფების რისკის მართვის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. შედეგად, კვლავ მივიღეთ მსხვერპლი ქედასა და ბაღდათში. პრემიერ-მინისტრის გუშინდელი განცხადება და ხელისუფლების ქება მაშინ, როდესაც 11 ადამიანი დავკარგეთ და უამრავ ოჯახს მიადგა მძიმე მატერიალური ზიანი, უბრალოდ ცინიზმია. კობახიძის კაბინეტის მიერ წარმოდგენილ სამთავრობო გეგმაში არცკი ჩათვალეს საჭიროდ, ცალკე თავი დაეთმოთ ამ საკითხისათვის, ამ თემას გარემოს დაცვის თავში ეთმობა მხოლოდ რამდენიმე წინადადება, რომლის შინაარსიც არის უკიდურესად ზოგადი და ბუნდოვანი“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
ნაცვლიშვილის განცხადებით, ხელისუფლებამ უნდა შეისწავლოს შოვში, გურიაში, ხულოსა და ქედაში და ბაღდათში განვითარებული კატასტროფების მიზეზები, სახელმწიფოს მზაობის დონე და რეაგირების ხარისხი.
მისივე თქმით, ხელისუფლებამ დახმარებისთვის უნდა მიმართოს ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებს და ჩართოს მათი ცოდნა და გამოცდილება სტრატეგიის შემუშავებაში, ასევე მიმართოს საერთაშორისო საზოგადოებას, განსაკუთრებით იმ ქვეყნებს, რომლებიც მოწყვლადები არიან ბუნებრივი კატასტროფების მიმართ, და ითხოვოს მათგან ექსპერტული დახმარება, გამოცდილების გაზიარება, მოიძიოს დამატებითი ფინანსები გამართული სისტემის შესაქმნელად.
„როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეზე უნდა შეიქმნას და გაიმართოს კატასტროფის რისკების მართვაზე ფოკუსირებული სისტემა, რომელიც უშუალოდ ამ საკითხებზე იქნება ფოკუსირებული და არ იქნება დახუნძლული სხვა ფუნქციებით და ვალდებულებებით“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.