ანა ნაცვლიშვილი - ირაკლი კობახიძის გზავნილები იყო სახელმწიფოებრივად სახიფათო, ადამიანურად სამწუხარო, სამართლებრივად ანტიკონსტიტუციური და პოლიტიკურად დამარცხებული ძალის ხმა
ირაკლი კობახიძის დღევანდელი გზავნილები იყო სახელმწიფოებრივად სახიფათო, ადამიანურად სამწუხარო, სამართლებრივად ანტიკონსტიტუციური და პოლიტიკურად დამარცხებული ძალის ხმა,- ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
როგორც ანა ნაცვლიშვილმა აღნიშნა, როდესაც სახელმწიფი ძალიან სერიოზული გამოწვევების წინაშეა ქვეყნის შიგნით და გარეთ, მოქალაქეები ელოდებიან პასუხებს კონკრეტულ კითხვაზე, უმრავლესობის პასუხი კი არის, რომ ისინი ოპოზიციას გაანადგურებენ.
„ეს მმართველი პარტიის სრულიად არაადეკვატური დღის წესრიგია. სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით სახიფათოა, როდესაც მმართველი პარტია თავის ეგზისტენციალურ ამოცანად ისახავს არა ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანას, არამედ ოპოზიციის განადგურებას და ოპოზიციაზე ანგარიშსწორებას. სამართლებრივად არაკონსტიტუციურია და არ შეესაბამება არც იმ ღირებულებებს, არც იმ პრინციპებს და არც იმ დებულებებს, რომლებიც კონსტიტუციაშია და რომელთა დატოვებასა თუ დამატებაში თავად კობახიძეს წვლილი აქვს როგორც საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარეს 2017 წელს. ადამიანურად რთული და მძიმე მოსასმენია, როდესაც ამას იურისტი და უმრავლესობის ლიდერი აკეთებს. პოლიტიკურად გამარჯვებული ძალები ასე არ საუბრობენ. გამარჯვებული პოლიტიკური ძალა ასეთ აგონიაში არ ვარდება. როდესაც უმრავლესობის ლიდერი დღისით, მზისით, მთელი მედიის თანდასწრებით თავისი საწადელის მისაღწევად არ ერიდება შანტაჟის და მუქარის ენის პირდაპირ გამოყენებას ოპოზიციის ლიდერების მიმართ, ვინმეს შეიძლება, ეჭვი შეეპაროს, რას გააკეთებს ეს პოლიტიკური ძალა დახურულ კარს მიღმა წინასაარჩევნოდ, რომ საწადელს მიაღწიოს. როგორ დაატერორებს საჯარო მოხელეებს, აიპებში დასაქმებულ ადამიანებს და ნებისმიერ პირს, ვისზეც მათ ოდნავი გავლენის ბერკეტი გააჩნია. როცა საჯაროდ ასეთი ხარ, დახურულ კარს მიღმა რაღა იქნები“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარლამენტში დარეგისტრირდა კანონპროექტთა პაკეტი, რომლის თანახმად, პარტიას, რომლის წევრებსაც შეუწყდებათ საპარლამენტო მანდატები ან რომლებიც საპარლამენტო მუშაობაში არ ჩაერთვებიან, სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდებათ ან ერთი წლით შეუჩერდებათ. ამასთან, შრომის ანაზღაურება გაუნულდებათ პარლამენტის იმ წევრებს, რომლებიც თვის განმავლობაში არც ერთ პლენარულ სხდომას არ დაესწრებიან.
გარდა ამისა, პროექტი ითვალისწინებს იმ პოლიტიკური პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას, რომლის წინასაარჩევნო აგიტაციაში პოლიტიკური ლიდერის რანგში მონაწილეობას მიიღებს პირი, რომელიც არ აკმაყოფილებს კონსტიტუციით დადგენილ რომელიმე ცენზს.