ანა ნაცვლიშვილი - იმპიჩმენტი პოლიტიკური ინსტრუმენტიცაა, არ არის მიზანშეწონილი ამ საკითხის პარლამენტის რეგლამენტით დარეგულირება
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი მიზანშეუწონლად მიიჩნევს იმპიჩმენტის რეგულირების საკითხების პარლამენტის რეგლამენტში გადასვლას და „იმპიჩმენტის შესახებ“ სპეციალური კანონის გაუქმებას, რადგან მისი თქმით, იმპიჩმენტი არამხოლოდ სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური ინსტრუმენტიცაა.
„იმპიჩმენტის საკითხები საქართველოს კონსტიტუციით და „იმპიჩმენტის შესახებ“ სპეციალური კანონით რეგულირდებოდა.
ახლა მოხდება ისე, რომ სპეციალური კანონი „იმპიჩმენტის შესახებ“ გაუქმდება და საკითხები, რომლებსაც სპეციალური კანონი არეგულირებდა, გადავა პარლამენტის რეგლამენტში.
ჩვენ არ მიგვაჩნია ამგვარი ცვლილება მიზანშეწონილად იმიტომ, რომ იმპიჩმენტი თავისი ბუნებით არამხოლოდ სამართლებრივი, არამედ ასევე პოლიტიკური ინსტრუმენტია. ის შეიძლება შეეხოს უმაღლესი თანამდებობის პირებს, არის საკმაოდ სენსიტიური საკითხების მომწესრიგებელი თემა.
მიზანშეწონილი იყო, რომ ეს საკითხები ყოფილიყო დარეგულირებული კვლავ სპეციალური კანონით იმის გათვალისწინებითაც, რომ იმპიჩმენტის განხორციელებას სჭირდება არამხოლოდ პარლამენტის მონაწილეობა, არამედ ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს ჩართულობა. მისი განხორციელება მხოლოდ ერთი ინსტიტუტის მონაწილეობას არ ითვალისწინებს“, – აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა დღეს ხელი მოაწერა „იმპიჩმენტის შესახებ“ კანონის გაუქმებას.