ანა ნაცვლიშვილი - რჩება შთაბეჭდილება, ხელისუფლებაშიც და ოპოზიციაში ბევრს დაავიწყდა, რომ საუბარია გენოციდსა და სამძიმარზე წასვლაზე
ანა ნაცვლიშვილი - რჩება შთაბეჭდილება, ხელისუფლებაშიც და ოპოზიციაში ბევრს დაავიწყდა, რომ საუბარია გენოციდსა და სამძიმარზე წასვლაზე

ადამიანებს ამ ყველაფერში დაავიწყდათ, რაზე ვსაუბრობთ რეალურად და საკუთარ თავისკენ უნდათ კამერების შეტრიალება, – ასე უპასუხა „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტების კითხვას, რომელიც „ევროპული საქართველოს“ ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებას ეხებოდა.

გიგა ბოკერიამ აღნიშნა: „განსაკუთრებული პრობლემაა საპარლამენტო ოპოზიციის მიერ გადადგმული ნაბიჯები, ვგულისხმობ, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ლელოს“. მათი სურვილი, გააზრებული თუ გაუაზრებელი, რომ ამ რეჟიმის დემოკრატიულ ფასადად იქცნენ, რომ მათი ინიციატივებით ამ რეჟიმის არსი შეალამაზონ; ამისი მაგალითი იყო და არის მათი სურვილი, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან ერთად, ერთი დელეგაციით წავიდნენ უკრაინაში“.

როგორც ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ბევრს, ხელისუფლებაშიც და ოპოზიციაშიც, დაავიწყდა, რაზეა საუბარი.

„გენოციდია ჩადენილი და სამძიმარზე წასვლაზეა საუბარი. როგორმე ეს სამყარო ჩვენ ირგვლივ არ ტრიალებს. ამიტომ  საკუთარ როლს ცოტა უფრო რეალისტურად თუ შეხედავენ ადამიანები და გაახსენდებათ ის უმძიმესი მოვლენები, შინაარსი, რატომ ვსაუბრობთ ბუჩაში ჩასვლაზე, ყველაფერი თავის ადგილას დალაგდება“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.