ანა ნაცვლიშვილი - დემოკრატიულ საზოგადოებაში პანდემია ასე არ იმართება, ბნელ ოთახში ხელის ცეცების პრინციპით ვართ
ოპოზიციონერი დეპუტატის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, კორონავირუსის მართვის უწყებათაშორისი საბჭო კანონს არღვევს და ფაქტობრივად, ინფორმაციას მალავს იმის თაობაზე, თუ რა არგუმენტებით და რის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებებს და საზოგადოებას უდგენს, რისი გაკეთების უფლება აქვს და რისი – არა.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ნაცვლიშვილმა განაცხადა, უწყებათაშორის საბჭოს ჯერ კიდევ 10 აგვისტოს ოფიციალური წერილით მიმართა და კანონმდებლობაზე დაყრდნობით მოუწოდა, მიმდინარე წელს ჩატარებული სხდომების ოქმების ასლი მიეწოდებინა.
დეპუტატის ცნობით, ეს დოკუმენტები და მათი საჯაროობა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საზოგადოებამ იცოდეს, რა არგუმენტებსა და ტენდენციებზე დაყრდნობით მიიღო საბჭომ გადაწყვეტილება – რესტორნები უნდა იყოს ღია და სკოლები დახურული, ასევე ბაღები ვერ დაიწყებენ ფუნქციონირებას, უნივერსიტეტებში სწავლა არ განახლდება, საჯარო ტრანსპორტი კვლავ არ იმუშავებს და ა.შ.
„მოქალაქეები მძიმე ფინანსური ტვირთის წინაშე არიან, რადგან მათ არ შეუძლიათ საჯარო ტრანსპორტით გადაადგილება. როგორ მუშაობს საბჭო, ეს არის სრულიად გაუმჭვირვალე და არათუ სხდომები არ გადაიცემა მედიით, რაც მაღალი დემოკრატიული სტანდარტი იქნებოდა, არამედ სხდომის ოქმების მოწოდებაც არ უნდათ. ახლა საბჭოს მედიით მივმართავ და სხვა შემთხვევაში მომიწევს, სასამართლოში ვიდავო, რომლის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით სერიოზული კითხვის ნიშნები მაქვს, მაგრამ ეს მნიშვნელოვანი, პრინციპული და ღირებულებითი საკითხია – გაასაჯაროვონ, რა კვლევებზე, ფაქტებსა და მტკიცებულებებზე დაყრდნობით უწყვეტენ საზოგადოებას, როგორ ვიცხოვროთ?! დემოკრატიულ საზოგადოებაში პანდემიის მართვა ასე არ ხდება. პანდემია არ იმართება და გადაწყვეტილებების მიღება ქაოტურად ხდება. ბნელ ოთახში ხელის ცეცების პრინციპით ვართ”, – დასძინა ნაცვლიშვილმა.