ანა ნაცვლიშვილი - ჩვენ ვდებთ პირობას, რომ ხელისუფლებაში მოსვლიდან ერთ წელიწადში რეფორმები განხორციელებადია
„ქართული ოცნება“ ძალიან ღელავს და 24 საათში 25-ჯერ ახსენებს „ლელოს“, ეს ძალიან კარგია, ჩვენ გვახარებს, რადგან პოლიტიკური ძალისგან, რომელიც რუსეთის ინტერესს ემსახურება და რომელიც იმსახურებს ქებას დუმის დეპუტატებისგან, პუტინის მაქებარი დეპუტატებისგან, ის პოლიტიკური ძალა „ლელოს“ არ შეაქებს, ჩვენ ამის მოლოდინი არ გვაქვს და ძალიან გვიხარია, რომ „ქართული ოცნება“ ძალიან განსხვავებულად ფიქრობს „ლელოზე“, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
ოპოზიციონერი დეპუტატის განცხადებით, „ქართული ოცნებისგან“ განსხვავებით, „ლელოს“ რეალური გეგმა აქვს.
„პრორუსული ოცნება რომ იწონებდეს „ლელოს“, ამისგან ღმერთმა დაგვიფაროს. რაც შეეხება ჩვენს გეგმას, „ქართული ოცნებისგან“ განსხვავებით, გვაქვს რეალური გეგმა, რომელიც მოიცავს რეალურ ნაბიჯებს, შეურიგებელ ბრძოლას კორუფციასთან, შეურიგებელ ბრძოლას სასამართლოში კლანურ მმართველობასთან, შეურიგებელ ბრძოლას ოლიგარქიასთან და ოლიგარქიულ მმართველობასთან, ეს არის კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც არის ჩვენს გეგმაში და რომლებიც სრულ შესაბამისობაშია ევროკავშირის ცხრა პუნქტთან. ჩვენ ვდებთ პირობას, რომ ხელისუფლებაში მოსვლიდან ერთ წელიწადში ეს რეფორმები განხორციელებადია“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
მისივე თქმით, „ქართულ ოცნებაში“ კორუფციას არ ებრძვიან.
„ქართული ოცნების“ გეგმას რომ ჩახედოთ ვადას უწერია მუდმივი-განგრძობითი. რას ნიშნავს ეს? რამდენი ხანი აპირებენ, რომ რეფორმები, რომელთა გატარებაც არც ისე რთულია, და თუ გაქვს სურვილი, ერთ წელიწადში მოსწრებადია, რას ნიშნავს უვადოდ გაწერილი გეგმა? ეს ნიშნავს იმას, რომ მათი რეალური ამოცანა არ არის რეკომენდაციების შესრულება, მათი ამოცანა არ არის ოლიგარქიული მმართველობისგან ქვეყნის გათავისუფლება. როგორ შეებრძოლებიან კორუფციას, როდესაც კორუფციაზე დგანან და კორუფციული მეთოდებით, კორუფციაში მხილების ფაქტებით ერთმანეთს აშანტაჟებენ? კორუფციას არ ებრძვიან, ებრძვიან ერთმანეთს და კორუფციას იყენებენ ერთმანეთის გასაშავებლად. ამიტომ, ასეთი ხელისუფლებისგან მოლოდინი იმის, რომ ცხრა რეფორმას გაატარებენ, არ არსებობს. არის კონკრეტული ქმედებები, რაც გადასადგმელია, კონკრეტული ცვლილებები, რაც მისაღებია, რეპრესიული კანონები, რომლებიც გასაუქმებელია, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან თავსებადობა მისაღწევია. პრობლემა აქ არის რუსული ხელისუფლების მსახური ხელისუფლება. ამიტომ როგორც კი ჩვენ გადავდგამთ გადამწყვეტ ნაბიჯს და „ოცნებას“ არჩევნების გზით ხელისუფლებიდან გავუშვებთ, ყველა ეს რეფორმა ერთ წელიწადში შესრულებადია“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.