ანა ნაცვლიშვილი - ჩვენ ისევ რუსთაველზე ვდაგავართ, ვითხოვთ ერთადერთ რამეს, თავისუფლებას და ჩვენ მივიღებთ ამ თავისუფლებას
ჩვენ ისევ რუსთაველზე ვდაგავართ აქ ძალიან მძიმე დღეებში მერამდენედ უკვე, ვითხოვთ ერთადერთ რამეს, თავისუფლებას, თავისუფლებას ხან შიდა და ხან ორივე მარწუხებისგან, ჩვენ მივიღებთ ამ თავისუფლებას, – ამის შესახებ უფლებადამცველმა, ანა ნაცვლიშვილმა რუსთაველის გამზირზე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც ანა ნაცვლიშვილმა აღნიშნა, ხელისუფლებამ უმძიმესი რამ ჩაიდინა ორი დღის წინ, დაუშვა, რომ პარლამენტში, რომელიც არის ხალხის წარმომადგენლობითი ორგანო ოკუპანტის წარმომადგენელი დააჯინა სპიკერის სკამზე. მერე რომ გავბედეთ ამის გაპროტესტება დაგვსაჯა სამაგალითოდ პოლიციის ხელით დაარბიეს საკუთარი მოქალაქეები.
„ნორმალურ ქვეყანაში სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი არის ის, ვისიც ყველაზე მეტად სჯერათ, ენდობიან და ეიმედებათ მოქალაქეებს. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე უფრო ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი, როდესაც უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო ინსტიტუტი ხელისუფლებამ გამოიყენა საკუთარი მოქალაქეების დასასჯელად. არაერთი კადრი არსებობს, რომ ეს მოქალაქეები არანაირად კანონს არ არღვევდნენ და არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენენ, ისინი დაისაჯნენ სამართლიანი და ჯანსაღი პროტესტისთვის, ამას არ დავივიწყებთ და არ გაპატიებთ. მე მესამე დღეა, აქ ვდაგავარ, ისევე როგორც თქვენ და სამწუხაროდ, ვხედავ, რომ ზოგიერთი ადამიანი დგას და ფიქრობს, რომ ეს არის პოლიტიკოსების აქცია მისთვის მიუღებელი ადამიანების აქცია. ძალიან გთხოვთ თუ ფიქრობთ, რომ ამ სივრცეს იკავებენ ადამიანები, რომლებიც თქვენ არ მოგწონთ, თქვენ მოდით აქ, თქვენ მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან ერთად და თქვენ დაიკავეთ ეს სივრცე, ეს სივრცე ყველასია ეს ქვეყანა ყველასია. დედა რომ იყოს ავად, რომ იყოს გასაჭირში და რომ დაუხაძოს თავის შვილს, არ მიხვალთ მასთან იმიტომ რომ თქვენ დასთან ან ძმასთან პოლიტიკურად ვერ თანხმდებით? ხომ მიხვალთ დედასთან. საქართველო დღეს ის დედა, რომელსაც ყველა თავისი შვილი სჭირდება მას არა ჰყავს დასაკარგავი შვილი“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
მისივე თქმით, ქართული საზოგადოება აქ მოვა იმდენჯერ, რამდენჯერაც ქვეყანას დასჭირდება.
„საქართველოს მოქალაქეები იძულებულები ვართ, რომ მთელი ჩვენი ენერგია, ცოდნა, ემოცია შევალიოთ ნგრევის შეჩერებას, რაღაც ცუდი რომ არ დაემართოს ჩვენ ქვეყნას, აღარ გვრჩება სათანადო ენერგია, რომ წინ წავწიოთ, განვავითაროთ უკეთესი დღევანდელი და ხვალინდელი დღე შევქმნათ“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოში არის ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა, რომელსაც მშვიდი, სტაბილური ქვეყანა სჭირდება და არა ისეთი, ყველა ფიქრობდეს, რომ როგორმე დატოვოს ეს ქვეყანა.
„ჩემთვის არის წარმოდგენის მიღმა, რომ ისეთი გოენირი, ნიჭიერი, ქვეყნის მოყვარული და წესიერი ახალგაზრდა, როგორიც არის ირაკლი ხვადაგიანი ამ აქციაზე დგომის გამო დღეს არის ციხეში. ყოველგვარი კანონიერი და სამართლიანი საფუძვლის გარეშე ისევე როგორც ათეულობით ახალგაზრდა. ჩვენ ვნახეთ მათი სასამართლო პროცესები. ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე. სასამართლომ ისინი გაუშვა ციხეში და მიეცათ მათ კანონდამრღვევის იარლიყი. ეს შეიძლება დაემართოს ნებისმიერ ჩვენგანს, რადგან ამ ხელისუფლებას უნდა მართული სასამართლო და ეს არის მისი ყველაზე მნიშვნელოვანი საცეცი. ამიტომ არ გაუსვეს სასამართლოდან შვიდი ნოემბრის და 26 მაისი მოსამართლეები. ჩვენ მოვითხოვთ, რომ დაუყოვნებლივ ყველა დაკავებულს მიეცეს სამართლიანი სასამართლოთი სარგებლობის უფლება და გათავისუფლდნენ ისინი. სოლიდარობა მათ და მათ ოჯახებს, მათ მშობლებს. გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი, რადგან მან მოქალაქის დამცველი დაუპირისპირა მოქალაქეს, ასევე პასუხი უნდა აგოს ყველამ, ვინც მოქალაქეების წინაშე კანონი დაარღვია. მარტო ჩვენ არ ვითხოვთ, ამას ითხოვს ამ ქვეყნის კანონი და კონსტიტუცია. ასევე თუ გვინდა, რომ მუდმივად არ ვტრიალებდეთ წრეზე, კიდევ ერთხელ იმდენჯერ მოვალთ აქ, რამდენჯერაც დასჭირდება სამშობლოს. თუ არ გვინდა, რომ წრეზე ვტრიალებდეთ და წინ წავიდეთ, ვითხოვთ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე დაუყოვნებლივ გადასვლას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გარანტი, რომ ხელისუფლება არ იქნება დაუბალანსებელი, გაუწონასწორებელი და თითის ქნევით ვერ დაელაპარაკება თავის მოქალაქეს, როგორც ამას დღეს აკეთებს“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.