ანა ნაცვლიშვილი - ჩემთვის გაუგებარია, ბოიკოტის საკითხი რატომ გახდა თემა, ალბათ, ვინც მოსაზრებები გამოთქვა, მათ ბოიკოტის მიზეზი დაავიწყდათ
ჩემთვის გაუგებარია, ბოიკოტის საკითხი რატომ გახდა თემა. ალბათ, ვინც მოსაზრებები გამოთქვა, მათ ბოიკოტის მიზეზი დაავიწყდათ ან შინაარსი კარგად ვერ გაიგეს, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პოლიტიკურმა აქტორებმა სხვადასხვა გზით იბრძოლეს მოთხოვნის შესასრულებლად.
„არ ვიცი, ეს თემა რატომ გახდა და ქარიშხალს აქვს ადგილი ჭიქაში. ყველას კარგად გვახსოვს, მძიმე გაჯიუტების პერიოდი, რაც ხელისუფლებას ჰქონდა მარტივ საკითხზე, რომ პაციენტი ადეკვატურ სამედიცინო მომსახურებას საჭიროებდა და მისი დროული გადაყვანა ისეთ კლინიკაში უნდა მომხდარიყო, რაც მის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკებს გამორიცხავდა. სამარცხვინოა, რომ ამისთვის ადამიანებს ბრძოლა დასჭირდათ და ეს თემა გახდა. სხვადასხვა პოლიტიკურმა აქტორებმა სხვადასხვა მექანიზმები გამოვიყენეთ იმისთვის, რომ ხელისუფლებას სიტუაციის სიმწვავე გაეთვითცნობიერებინა. ჩვენი ფრაქციის მხრიდან ეს იყო ბოიკოტი, ელენე ხოშტარიასა და ცხრა დეპუტატის მხრიდან შიმშილობა“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.